ჟურნალისტი ინგა გრიგოლია „მთავარ არხზე“ ფინანსური სამსახურის შესვლას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება და წერს, რომ ჟურნალისტებზე წახალისებული და დაგეგმილი თავდასხმები გრძელდება.
„აგიჟებენ და აგიჟებენ თავიანთ ჩლუნგებს, რომ მედიას დაესხნენ თავს. წახალისებული და დაგეგმილი თავდასხმები გრძელდება ჟურნალისტებზე. ამათ მართლა ქუჩაში, მედიის ხოცვა-ჟლეტვა აქვთ გადაწყვეტილი. თანაც, 37-იანი რეპრესიების მსგავსად, ხალხის სახელით, „ხალხის მტრების“ წინააღმდეგ -ჩვენგან რომ ცდილობენ შექმნან თავიანთი საბჭოთა პროპაგანდით. პარალელურად დაიწყეს ტვ-ებში შესვლაც. „მთავარ არხს“ შეუსიეს ფინანსური.„
ჰოდა, მერამდენედ ვამბობ, როცა თქვენ მოგადგებიან, ახლა რომ ჩუმად სხედხართ სახლებში, ვეჭვობ, მიკროფონიც აღარ იქნება ამ ქვეყანაში მაგ დროისთვის, სადაც თქვენი უფლებების ფეხქვეშ გათელვაზე ისაუბრებთ. ზოგი კია მაგის ღირსი, საერთოდ აღარ არსებობდეს კრიტიკული მედია. მაგრამ მთელი ქვეყნის ინტერესს მაგ ზოგს ხომ არ გადავაყოლებთ. ნიკა გვარამია, მაგრად სდექთ!!! ფიზიკურად ვერ, მაგრამ გულით თქვენთან ვარ!“ – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა „მთავარ არხთან“ დაკავშირებით განმარტება გააკეთა:
“ამასობაში კიდევ ერთი გადაუმოწმებელი და ყალბი „ნიუსი“ გავრცელდა, თითქოს სხვა სარეკლამო კომპანიამ 10 საათის შემდეგ მიიღო შეტყობინება საგადასახადო შემოწმებაზე.
ამჯერად ასეთი ამბავია: „მთავარი არხის“ ე.წ. გაყიდვების სახლის საგადასახადო შემოწმების ბრძანება გამოცემულია 23 ივლისს, ამავე დღეს არის გაგზავნილი ელექტრონულად და გადამხდელს გახსნილი აქვს შეტყობინებს 27 ივლისს 11:11 საათზე.
რაც შეეხება ინფორმაციაში ნახსენებ კომპანიას, მისი საგადასახადო შემოწმების ბრძანება გამოცემულია 21 ივლისს, ამავე დღეს არის გაგზავნილი ელექტრონულად და გადამხდელს გახსნილი აქვს შეტყობინებს 22 ივლისს.
ინფორმაციაში ნახსენები კომპანიის შემოწმების ბრძანება გამოცემულია და ელექტრონულად გაგზავნილი 2 დღით ადრე და არა 10 საათის შემდეგ. გაუგებარია ან ამით რისი დამტკიცების მცდელობას აქვს ადგილი, მაგრამ თავად მოწოდებული ინფორმაციაც არის ტყუილი“, – დაწერა ფინანსთა მინისტრმა სოციალურ ქსელში.