წალენჯიხელი ფერმერი ზვიად შელია აცხადებს, რომ წელს 1 კგ გაუტეხავი თხილი 7.70 ლარად გაყიდა.
Bm.ge-მ კონკრეტული ფერმერების მოძიება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რამდენიმე დღის წინ ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა news-მა , რომელიც თხილის გასაყიდ ფასს შეეხებოდა, დიდი გამოხმაურება გამოიწვია. საქმე ის არის, რომ როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავამ გვითხრა, 1 კგ ხარისხიანი თხილის ფასი 6-დან 7.5 ლარამდე მერყეობს, რაც ბევრისთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა და მოქალაქეები გვწერდნენ, რომ ამ ფასად თხილს დღეს არავინ იბარებს.
„თხილის ფასი დამოკიდებულია ხარისხზე. ჩვენ ახლა ხარისხიანი თხილის ფასზე ვსაუბრობთ. უხარისხო თხილის შემთხვევაში, 1 კგ თხილის ფასი 3 ლარიც შეიძლება იყოს. ფერმერებმა, რომლებმაც იზარმაცეს და ბაღები არ შეწამლეს, მიუხედავად ჩვენი მოწოდებისა, დღეს ძალიან ნანობენ. მათი მოსავალი უხარისხოა და გაყიდვაც უჭირთ, თუმცა, ზოგადად, მოსავალი კარგია და მეტია, ვიდრე – შარშან”, – თქვა bm.ge-სთან მერაბ ჭითანავამ.
წალენჯიხელი ფერმერი ზვიად შელიაც ადასტურებს, რომ პრემიუმ-ხარისხის, ე.წ. 48%-იანი თხილი 7.70 ლარად გაყიდა.
“ჯერ მხოლოდ 300 კგ თხილი ჩავაბარე და 2 400 ლარი ავიღე, კიდევ 5 ტონა მაქვს დარჩენილი, როცა დამჭირდება და ფასიც აიწევს, გავყიდი. მაგალითად, ნოემბერში თხილზე უფრო მაღალი ფასია და სწორედ ამ დროს შევარჩევ.
ჩემი თხილი უმაღლესი ხარისხისაა; თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად წარმატებულად ვიმუშავე, ბაღები ყველა წესის დაცვით შევწამლე და შედეგიც მივიღე.
მოსავალიც თხილის ასოციაციას ჩავაბარე, თანხას კარგად გიხდიან, სხვაგან გაყიდვა არც მიფიქრია, რადგან შესასყიდი ფასი იქ უფრო დაბალია, რაც ჩემთვის წამგებიანია“, – აღნიშნა წალენჯიხელმა ფერმერმა.
გაუტეხავი თხილის ფასს რომ მისი ხარისხი განსაზღვრავს, ამაზე bm.ge-სთან ზუგდიდელი ფერმერი ხათუნა რიგვავაც საკუთარი მაგალითის მოყვანით საუბრობს.
“წელს პრობლემები გვქონდა და თხილის ბაღებს როგორც საჭირო იყო ისე ვერ მოვუარეთ, რასაც ძალიან ვნანობთ – შედეგიც მივიღეთ. მომავალ წელს აუცილებლად უნდა შევწამლოთ იმ სქემით, რომელსაც თხილის მწარმოებელთა ასოციაცია გვაძლევს. წელს ჩვენი თხილის ხარისხი 33%-ია, რაც დაბალი მაჩვენებელია. შარშან ეს მაჩვენებელი 40% იყო და შედეგიც საკმაოდ კარგი გვქონდა. 2020 წელს 1 კგ თხილი, დაახლოებით, 8.80 ლარად ჩავაბარეთ და 10 ათას ლარზე მეტი შემოსავალი მივიღეთ. ხოლო წელს ჩვენმა შემოსავალმა 5 600- ლარამდე შეადგინა“, – ამბობს bm.ge-სთან ზუგდიდელი ფერმერი.