დღეს, პარტია “საქართველოსთვის” პროპორციული სიის პირველი ათეული და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან დოლიძემ სოფელ ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ- მუზეუმში წარადგინა.
პრეზენტაციაზე საკუთარი გუნდის წევრებსა და თანამებრძოლებს სიტყვით მიმართა ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, გია ცეცხლაძემ:
“დღეს აქ, ჩემს მშობლიურ სოფელში, გამორჩეული საზოგადო მოღვაწის, საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად და ღვთისკაცად წოდებული ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმიდან მინდა მოგმართოთ!
ჩემო ოზურგეთელებო! მოგმართავთ ასე, რადგან აქ დავიბადე და გავიზარდე, აქაა ჩემი წინაპრების სული, აქაა ჩემი სატკივარი და საზრუნავი.
აქ, ყოველი კუთხე-კუნჭული ჩემთვის ნაცნობი და ახლობელია. კარგად მაქვს გასიგრძეგანებული ის პასუხისმგებლობა რაც ჩემს გადაწყვეტილებას ახლავს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა თქვენგან დამოუკიდებელი ვერ ვიქნები!
დღეს ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით – თქვენ თქვენი თანადგომითა და ნდობით, მე – ჩემი მოწადინებითა და შემართებით!
რას გპირდებით? მოდი, ასე ვიტყვი: დაპირებები გაზვიადებულ მოლოდინებად რომ არ გვექცეს, გპირდებით, ჩემს გუნდთან ერთად ვიზრუნებ იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იყოს, ყველას მოგისმინოთ, მაქსიმალურად გავიზიარო თითოეულის სატკივარი და დროულად გაგრძნობინოთ, რომ თქვენზე ვზრუნავთ, რომ თქვენი შვილების მომავალი გულისხმიერი და ერთგული ადამიანების ხელშია!
რომ ჩვენი მოქალაქეები არ იფიქრებენ სხვა, უფრო კარგ ქვეყანაში სამუშაოს საძებნელად წასვლაზე და აქაც ისეთ გასამრჯელოს მიიღებენ, შვილების სწავლა-განათლება უზრუნველყონ და ოჯახებიც შეინახონ, რომ ჩვენს ხანდაზმულებს არ ეშინოდეთ სიბერის, ავად გახდომის!
ამისთვის კი საჭიროა, ბიუჯეტის თითოეული თეთრი ადამიანების კეთილდღეობას მოხმარდეს; ახალი პროექტები, მუდმივი განახლებისა და სწორად შენების, კონკრეტული პრობლემების გადაჭრის იდეებით უნდა იყოს ნაკარნახევი. ყოველი დღე შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და ყველაფერი ხალხთან ერთად, მათი პრობლემებისა და უნარების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
დიახ, ჩვენ ვართ ძლიერები – ჩვენ გვაქვს ხედვა, გვაქვს იდეა, ჩვენ არ ვნადირობთ, არ მოვისყიდით, არ ვტაციაობთ ამომრჩეველზე. ჩვენ ორიენტირებულები ვართ ჩვენსავით, ხედვით, იდეით, ცვლილებების აუცილებლობით მოტივირებულ ამომრჩეველზე!
საბედნიეროდ, ასეთი ამომრჩეველი დღეს ბევრია, მათ კი ფულით, შიშით, შანტაჟით , მუქარით ვერ მოიზიდავ!
დიახ, ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, ჩვენი წარმატებული მომავალისთვის, ოზურგეთისთვის!
საქართველოსთვის! “-განაცხადა გია ცეცხლაძემ.
ოზურგეთსა და მის სოფლებში პარტიის მიერ წარმოდგენილი მაჟორიტარების სია ასე გამოიყურება :
60.01 ქ.ოზურგეთი – გიორგი სირაძე
60.03 ქ.ოზურგეთი – ვლადიმერ სალუქვაძე
60.05 ლიხაური, მაკვანეთი, ჭანიეთი – კახაბერ გობრონიძე
60.06 ლაითური, ნარუჯა – რესან გაბაიძე
60.07 ნასაკირალი – ბესიკ ირემაძე
60.08 ნატანები – ალექსანდრე ხომერიკი
60.10 ურეკი, შრომა – ომარი ფუტკარაძე
60.11 გურიანთა, სოფელი ოზურგეთი,მელექედური – მაია ზოიძე
60.12ასკანა, ნაგომარი, ძიმითი – დავით ხინიკაძე
60.13 ბაილეთი,სილაური,ჯუმათი – ვლადიმერ გვილავა
60.14 ბახვი, დვაბზუ -კოკა ჯახუტაშვილი
60.15 ბოხვაური, შემოქმედი, დაბა გომისმთა – ნაზი თოდრაძე
60.04 – ვაკიჯვარი, მთისპირი, ცხემლისხიდი – დავით მენაბდე
60.09 თხინვალი, კონჭკათი, მერია – ვეფხვია ბათიროვ