სომხეთთანაც წავაგეთ: ადამიანმა ბოლო მოგვიღო – ჩვენი ადგილი “ჭ” ლიგაშია

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე შინ სომხეთთან წააგო – 1:2 და ამით მოისპო თეორიული შანსი მოეგო ჯგუფი და მერე და მერე ცოტა გამართლების შემთხვევაში ებრძოლა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად. ახლა რაღა აზრი აქვს ამაზე საუბარს და გამოთვლების კეთებას, მაგრამ რომ მოგვეგო შეიძლებოდა გვეფიქრა გარკვეულ პერსპექტივაზე, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი თამაშების მოსაგებად მზად არ არის, თანაც არც თუ ძლიერ მეტოქეებთანაც.
ჩრდ მაკედონიასთან ცხოვრების მატჩის წაგების გამო ბუნებრივია სათანადო განწყობა ვერ იქნებოდა, მაგრამ პროფესიონალიზმი მეტი რა არის, თუ არა საჭირო დროს მობილიზება, მით უმეტეს, რომ სომხეთთ-ესტონეთთან მართლაც მნიშვნელოვანი თამაშები გველოდა. მაკედონიელებმა რამდენიმე საათით ადრე მინიმალური სხვაობით დაამარცხეს ესტონელები, რაც იმას ნიშნავდა, რომ ორბურთიანი სხვაობით მოგების შემთხვევაში ჩვენ აღმოვჩნდებოდით პირველ ადგილზე. ორი ბურთით მოგება კი არა, სულაც წავაგეთ უმხითარიანო სომხეთთან.

საქართველოს შემადგენლობა
მაკარიძე, ნავალოვსკი, გრიგალავა, ხოჭოლავა, ჯიღაური, კანკავა, აბურჯანია (ვეკვესკირი, 80), გვილია (მიქელთაძე, 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი, 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი, 56), ლობჯანიძე (კაჭარავა, 68).

 

როგორც მოსალოდნელი იყო ვაისმა გადახალისებული შემადგენლობა ათამაშა. მაკედონიელებთან დაყენებული ძირითადი შემადგენლობიდან მხოლოდ ორი ფეხბურთელი (კანკავა და გვილია) გამოვიდა საწყისი წუთებიდან. ზედიზედ სამი მატჩი უწევს ნაკრებს და ასეთ დროს ცვლილებები გარდაუვალია. ასე მოიქცა ვაისი სომხეთთან წინა მატჩის დროსაც, როდესაც ასევე ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშა.

პირველი ტაიმი სომხებმა 1:0 მოიგეს, ისევე როგორც პირველ ურთიერთშეხვედრაში. მართალია სტუმრები ვერ გვჯობდნენ, მაგრამ ჩვენების შეცდომებით სარგებლობა მოახერხეს და გოლიც გაიტანეს (ღაზარიანი) და მალევე ძალზე ხელსაყრელი მომენტი გაანიავეს (ისევ ღაზარიანი – ძელი). მერე უკვე ჩვენც გვქონდა რეალური შანსი, მაგრამ ელგუჯა ლობჯანიძის კარგად შესრულებული თავური მეკარემ ორჯერ მოიგერია.

მეორე ტაიმი ჩვენებმა აქტიურად დაიწყეს, ვაისმაც გასაკვირია და შეცვლაც დროულდ გააკეთა, თამაშში ყაზაიშვილი ჩართო. იყო იმედი, რომ პირველი მატჩის მსგავსად ქართველები მოახერხებდნენ გატანას და წინ გასვლას. გაგვიმართლა, ლობჯანიძემ პენალტი “აიკიდა”. 11-მეტრიანი ყაზაიშვილმა დაარტყა და გაიტანა – 1:1. დრო საკმარისზე მეტი რჩებოდა.

5 წუთში ისევ ვაკოს ჰქონდა მომენტი, მაგრამ მეკარემ ისევ მოიგერია. იქვე კაჭარავამ ვერ მოახერხა ახლო მანძილიდან დარტყმა. საქართველო მოსაგებად გაიწია, ვაისმა შეცვლები მიაყარა, მაგრამ კონტრშეტევა აქეთ გამოგვეპარა და თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე სარქის ადამიანის გოლით სტუმრები დაწინაურდნენ – 1:2.

 

ბოლო ტურის წინ, 5 ტურის შემდეგ ჩვენს ჯგუფში (C2) ასეთი ვითარებაა:

ჩრდ მაკედონია – 9 ქულა
სიმხეთი – 8 ქულა
საქართველო – 6 ქულა (1 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება)
ესტონეთი – 2 ქულა

 

მომდევნო მატჩი სამ დღეში, 18 ნოემბერს შინ ესტონეთთან გვიწევს. ამ თამაშს მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს.
ჯგუფში პირველი ადგილოსნის ბედი სომხეთისა და ჩრდ მაკედონიას შორის შეხვედრაში გადაწყდება.

“ფორტუნა”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share