31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კოვიდპანდემიის ფონზე, ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „პრაიმტაიმნიუსთან“ ინტერვიუში აფასებს.
ექსპერტი ოპოზიციის მოთხოვნას, ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ, არარელურს უწოდებს. მისივე თქმით, ბევრად უფრო რეალურია, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.
გია ხუხაშვილი: ამ მოცემულობით, ხელახალი არჩევნების ჩატარება აბსოლუტურად არარეალურია. ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს, ბევრად უფრო რეალურია, შეთანხმების მიღწევა, რომ გარკვეულ შემთხვევაში მოგიანებით დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
– რა შეიცვლება ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებით?
– დღეს ქვეყანაში იმ ტიპის პოლიტიკური კრიზისია, რომ ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი მაინც რიგგარეშე არჩევნებით დამთავრდება. იმ ლეგიტიმაციით, რაც დღეს ხელისუფლებას აქვს, შეუძლებელია, რომ ხელისუფლება იმართებოდეს. ასე, რომ კრიზისი გარდაუვალია, რაც რიგგარეშე არჩევნებამდე მიგვიყვანს. სჯობს, ეს გარკვეული კონსენუსუსის საფუძველზე მოხდეს, ვიდრე რყევებით.
– პოლიტიკურ ველზე ხედავთ ძალას, რომელიც ქვეყანას ეფექტურად მართავს?
– მე ვერ ვხედავ პოლიტიკურ სპექტრში ვერცერთ ძალას, რომელიც კარგად მართავს ქვეყანას, მათ შორის, საუბარი მაქვს „ქართულ ოცნებაზე“. რადგან ქვეყნის მართვა ცალ-ცალკე ეფექტურად არავის შეუძლია, სჯობს, ერთად მართონ, რათა პოლიტიკური კრიზისები თავიდან ავიცილოთ.
– იმ ოპოზიციური პარტიების მიერ, რომლებიც მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ თანხმდებიან, ქვეყნის მართვა რამდენად ეფექტური იქნება?
– მე გამიკვირდება, თუ ოპოზიციაში დაპირისპირება არ იქნება. ოპოზიცია ერთი პარტია ხომ არ არის, იქ არის ბევრი პარტია, რომლებიც ერთმანეთის კონკურენტები არიან. მათი თანამშრომლობა არის თემატური თანამშრომლობა, სადაც სააკაშვილი ყველას არ მოსწონს. მინისტრთა კაბინეტის განხილვა ქუჩიდან თავისთავად უკვე არაადეკვატურია. რატომ ლაპარაკობენ ახლა ამ თემებზე, ჩემთვის გაუგებარია.
– საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას მოწოდებას, საქართველოში ჩამოსვლის თარიღი დაუსახელონ. რეალურად, სააკაშვილი საქართველოში ჩამომსვლელია?
– მერამდენედ ელიან მიშას, ის ჩამოვა მხოლოდ სერიოზული გარანტიების მიღების შემთხვევაში, ასეთი გარანტიები არ არსებობს, ამიტომ მას უახლოეს პერიოდში არ უნდა ველოდოთ.