შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიაში საფლავების გაქურდვის გამო წარსულში ნასამართლევი 2 პირი – 1980 წელს დაბადებული რ.პ. და 1991 წელს დაბადებული კ.კ., დააკავეს.
ბრალდებულებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 საფლავი, მათ შორის შინდისის გმირის – რუსლან წულაძის საფლავი გაქურდეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 საფლავი გაქურდეს. მათ შორის, დაკავებულები სოფელ ქვიანში მდებარე, შინდისის გმირის – რუსლან წულაძის საფლავზე განთავსებულ ალუმინის ნაკეთობას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. ბრალდებულებმა საფლავებიდან მოპარული ლითონის დეტალები ქალაქ ზესტაფონში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში ჩააბარეს. პოლიციამ ნაქურდალი ნაკეთობები ნივთმტკიცების სახით ამოიღო”, – წერია უწყების განცხადებაში.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.