ავთანდილ ურუშაძე – დაიბადა ლანჩხუთში 1880 წელს, სოციალ დემოკრატი, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი, გარდაიცვალა ემიგრაციაში (სტამბოლში) 1955 წელს
ზესტაფონში მსახურებდა ყოფილი ყაჩაღი მანწკავა, მენშევიკების დროს ციხეში ნაჟდომი. ის იყო ზესტაფონის სამხედრო კომისრად. მთავრობამ ეს მანწკავა ჩააყენა შვაში ყაჩაღებს და მათ შორის შესარიგებლად. მან გახსნა თავის შტაბი სადგურ ჯუმათში და იქ დაიბარა ყაჩაღები. გაჩაღდა მოლაპარაკება. ამ მოლაპარაკების დროს ყაჩაღი ღლონტი ეუბნება მანწკავას, რომ მთავრობა ჩვენ დაგვხოცავსო და შენ ჩავარდები გლახა მდგომარეობაშიო. მაშვინ მანწკავამ უთხრა, რომ მთავრობამ მე მომცა პატიოსანი სიტყვა, რომ თქვენ შეგირიგებენ და თუ რაიმე ხიფათი მოვა, მე თქვენთან ვარო. ამ რიგათ მოხდა შერიგება; დაესწრო მთავრობის წარმომადგენელი.
ამ შეხვედრის დროს ყაჩაღმა დოლიძემ უთხრა მთავრობის წარმომადგენელს: ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს: „ლენინმა სთქვა ძარცვეთ საძარცვიო. ჩვენ ხომ ვისაც აქვს, იმას ძვარცვავთ“. მენშევიკებთან მიტომ ვართ მტრულად, რომ ისინი ამას არ გვანებებდენო. ისინი შეირიგეს, რიცხვით 60 კაცამდე. ესენი ყველა ყაჩაღი როდი იყო; ზოგი ჩაეწერა იარაღის მოყვარული ხალხი. ესენი წაიყვანეს თბილისისაკენ.
ამ დროს საზღვარ-გარეთიდან ჩამოდის საქართველოში არალეგარულ სამუშაოდ ნოე ხომერიკი. გზაში მთავრობას უნდოდა მათი დახოცვა. ზესტაფონში მანწკავამ გაიგო მთავრობის გადაწყვეტილება. მას მიცემული ქონდა ყაჩაღებზედ წმინდა ყაჩაღური სიტყვა, რომ ის მათთან იქნებოდა ყოველ გასაჭირზედ. ეს მან აასრულა. უთხრა ყაჩაღებს მთავრობის გადაწყვეტილება და გაძარცვეს ზესტაფონი და იმერეთის მხრით ჩამოვიდენ გურიაში.
მთავრობამ მიიღო თავის მხრით ზომები. დანიშნეს ყაჩაღების წინააღმდეგ მებრძოლ რაზმის უმფროსად ვინმე ნახევრად გიჟი ობოლაძე. ობოლაძემ მოაწყო თბილისში მიტინგი და სთქვა:- ეხლა დავბრუნდი კახეთიდანო, ის ხომ მოაოხრე; ეხლა გურიაში მივალ და იმასაც მოაოხრებო. მან ჩამოვიდა პირველად ლანჩხუთში და დაიწყო ყვირილი: – სად არის ეხლა მუხაშავრია და მისი ამხანაგები, მოვიდენ და მომკლანო.
ლანჩხუთში არ იყო არც ერთი ყაჩაღი; ეს მან კარგათ იცოდა. აქ იყვნენ პოლიტიკური დევნილები. ეხლა აშკარა შეიქმნა, თუ რისთვინ იყო ეს ვაჟბატონი მოსული. მან დაარბია ჩემი სახლი და წავიდა ოზურგეთისაკენ. გზაში გაიარა ჯურუყვეთში. აქ გაქცეული იყო რამოდენიმე ახალ-გაზრდები, იარაღის მოყვარულნი, გადასწვა მათი სახლები. ერთ-მათგანს, გვარათ მანწკავას სახლის დაწვის დროს, ჩამოდის ეზოში პატარა მოწაფე. მან კითხა:- ვინ ხარ შენო; გაიგო, ეს ძმაა მისი, შეაგდო ცეცხლში, ბავშვი დაიწვა შიგ და აქედან წავიდა ოზურგეთში.
ობოლაძე ჩავიდა ოზურგეთში, შეუდგა საქმეს. ბევრი ხალხი დახვრიტა და დაისვა კითხვა: რა ვუქმნათ ობოლაძეს? ყაჩაღების ერთი ნაწილი ღლონტის მეთაურობით მოითხოვს, რომ მომეცით ნება, ობოლაძე მოვკლათო და მით გამოვიყიდოთ ჩვენი დანაშაულიო. მეორე ნაწილი, მანწკავას მეთაურობით, არაფერი სურს მენშევიკებთან კავშირის, ისინი უმფრო ბოლ- შევიკებთან ფიქრობენ კავშირის გამბვას. მანწკავა აწარმოებს მოლაპარაკებას ბოლშევიკებთან და სხვა. ჩვენ პარტიაში დაისვა კითხვა: – რა ვქმნათ, როგორ მოვიქცეთ. გურიის კომიტეტმა მოინდომა საზოგადოებრივი აზრის დამუშავება. ამისათვის გამოყო ორი წევრი და ეს საქმე მიანდო მათ: კომიტეტის თავმჯდომარეა გაბრიელ გოგუაძე და წევრი გიორგი სალუქვაძე.
ერთ დღეს თავი მოვიყარეთ: ალფესი გოგუაძე, თეოფილე მუხაშავრია, კოლია შარაბიძე, ქრისტიფორე იმნაიშვილი და მე. ეს საკითხი დავსვით და ვიმსჯელეთ. მსჯელობის შემდეგ მივიღეთ შემდეგი წინადადება: რომ ყაჩაღები იქმნას განდევნილი გურიის ტერიტორიიდან. ესენი ყოველთვის გვირღვევდენ წყალს ჩვენს დამოუკიდებლობის დროს და მერმეთ ბოლშევიკებთან სამსახურშიც. ჩვენ დავდგეთ ძველ ტრადიციულ გზას, როგორც იყო ძველი რეჟიმის დროს. როდესაც ვალოდია გოგუაძე, სერგო მათითაიშვილი, თეოფილე მუხაშავრია სდევდენ მაშვინ ყაჩაღებს, მაშვინდელ კომიტეტის დავალებით, ეხლაც ესთე მოვიქცეთო. ეს მივიღეთ ერთხმად.
ამ რიგათ, გავემგზავრეთ ქვედა-აკეთში საიდუმლო კრებაზედ. ხიდის-თავიდან გამოვიდა სერგო მათითაიშვილი, სიმონიკა გოგიბერიძე და გოგია ცინცაძე, ოზურგეთიდან მოვიდენ გაბრიელ გოგუაძე, გიორგი სალუქვაძე. ჩვენც მივედით: ალფესი გოგუაძე, თეოფილე მუხაშავრია და მე. დაესწრო კიდევ შიო ქურიძე.
მოხსენება გააკეთა კომიტეტის თავმჯდომარე გაბრიელ გოგუაძემ. მან დაიწყო ასთე: „აწ საქართველო ქართველებთან და საქართველო უქართველოთო“. აი, როგორ დგია კითხვაო. მოხსენებიდან უკვე ჩანდა, რომ ყაჩაღებს აძლევდენ ნებას ობოლაძის მოკვლის. ამ კითხვაზედ ბევრი დავა ქონდა. ალფესიმ გაილაშქრა ამის წინააღმდეგ და მეც მას მივემხარი. თეოფილეს ერთი ნაკლი ქონდა; რომ ნახვიდა უმფრო ავტორიტეტს, იცოდა იმის მიმხრობა. ეს ასთე ქმნა აქაც. ილაპარაკა სერგო მათითაიშვილმა და სიმონიკა გოგიბერიძემ. ისინმა ორთავემ სთქვეს: – ჩვენ რა გვენაღვლება, ბოლშევიკები და ყაჩაღები ერთი-მეორეს დახოცვენ, ჩვენ დავჟდეთ და ვიცინოთო. ამ სიტყვა-სიტყვით სთქვეს, ჩვენ გავამზადოთ ფურცლები და ხალხში გავავრცელოთ, რომ ყაჩაღები და ბოლშევიკები ერთი-მეორეს ებრძვიან და ხოცვენ, ჩვენ ამ კითვაზედ არავითარი პასუხის-მგებლობა არა გვაქვსო. მაშვინ მე უთხარი:- მართალია, ისინი ერთი-მეორეს დახოცვენ, მაგრამ ჩვენ ზედ წაგვაკვლავენ, ბოლშევიკებს ჩვენ ვერ მოვატყუებთ. მათმა იციან ჩვენი ტრადიცია და ჩვენი დამოკიდებულება ყაჩაღებთან და სხვა. გავიდა ის, რომ არ ვმფარველობთ ყაჩაღებს. ესენი იყვნენ ბოლშევიკების კაცები. ჩვენ ესენის ერთი-მეორეს ბრძოლაში თავს ვიკავებთო.. და თუ ყაჩაღები მოკლავენ ობოლაძეს, ჩვენ მზათ ვქონდეს ფურცლებიო.
მე და ალფესი წამოვედით ქვედა-აკეთიდან ზედა-აკეთში. გზაში ალფესი სულ იმას მეუბ- ნებოდა:-დავიღუპეთ, დაიქცევა ქვეყანაო. გული მოსდიოდა, თეოფილემ, რომ რა გვიქნა, რო- გორ მოიქცა იქო. ჩვენ აკეთის და ჭანჭათის გადასახოვთან ერთ მაღალ გორაკზედ დავშორდით ერთი-მეორეს. ამ დღეს მერეთ არც კი მინახავს, ესთე მოკლეს.
მე ჩავედი ლანჩხუთში; ჯარი სდგას; არის საშინელი რეპრესიები. მე ამხანაგების რჩევით, გავედი სამეგრელოში. კავშირი მაქვს ჩემ ძველ მეგობართან აპალონ ჯორბენაძესთან. ჩემი ამხანაგები-თეოფილე, კოლია და ქრისტიფორე ჩამოსულიყვნენ ლანჩხუთში-მათ შეერთებოდა სარდიონ მენაღარიშვილი და ასთე გაჭივრებულ მდგომარეობაში შეაფარეს თავი ერთ პატარა ტყეს. აპალონი ჩამოდის ჩემთან; გადმომცა, რომ ბიჭები ძალიან გაჭივრებულია, ყველა სოფლებში ჯარის ნაწილებია ჩამდგარი.
რამოდენიმე ხნის შემდეგ მოკლეს ობოლაძე ბოლშევიკებმა. გასწიეს პროვოკაცია, რომ მენშევიკებმა ყაჩაღებს მოაკვლიეს ობოლაძეო. ამ მკვლელობაზედ დახვრიტეს გურიიდან თბილისში გაგზავნილი ტუსაღები. ისინი გზაში იყვნენ, რომ ობოლაძე მოკლეს, დიდი ხანს ნაჟდომი ოზურგეთის ციხეში. რიცხვით დახვრეტილ იქმნა 92 კაცი. მათ შორის ძველი მასწავ- ლებელი გიორგი გძელიძე, სამსონ ხუხუნაიშვილი-კოოპერატორი, ლანჩხუთის რაიონის კოოპერატიულ კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, ახალ-გაზრდა გიმნაზიის მასწავლებელი- ილია თარგამაძე, ჩემი ბავშობის ამხანაგი ლადიკო შარაბიძე ნიგოითიდან, მასწავლებელი შალვა სამსონაძე, სტუდენტი დიომიდე იმნაიშვილი, საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი წარმომადგენელი უკრაინაში ბებურ ვაჩეიშვილი და სხვები.
ფოტოზე – ობოლაძის დასაფლავება (ობოლაძე მოკლეს 1923 წლის 12 თებერვალს კვაჭალათზე)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა