პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე გორდაძე ფორმულასთან სტუმრობისას ოპოზიციური პარტიების შესაძლო სტრატეგიას განიხილავს და ამბობს, რომ ოპოზიციამ აუცილებელია დასავლეთს აჩვენოს, რომ არჩევნების გაყალბების მასშტაბი იყო დიდი და რომ ის არ აპირებს ხელისუფლების უკანონო გზით ხელში ჩაგდებას.
“მთავარი აქ არის ის, რომ ოპოზიციამ დაარწმუნოს დასავლეთი ორ რამეში და მე თავიდანვე ვთქვი, რომ ეს იქნებოდა რთული და ხანგრძლივი პროცესი. ერთი, რომ გაყალბების მასშტაბი იყო ძალიან დიდი და ამაში დასავლეთი ნელ-ნელა რწმუნდება, ჩვენ ეს დავინახეთ და მეორე, რომ ოპოზიცია არის პასუხისმგებლიანი ძალა და რომ ამ ხალხს არ აქვს მიზანდასახული უკანონო, თუ ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების ჩაგდება ხელში. რომ ეს არის დისციპლინირებული, ცივილიზებული ოპოზიცია, რომელიც აპირებს ხანგრძლივი მშვიდობიანი პროტესტით მიაღწიოს მის მთავარ მიზანს, რაც არის არჩევნების შედეგების გაუქმება და ხელახალი არჩევნების ჩატარება”, – ამბობს გორდაძე.
მისი შეფასებით, მთავარი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა განცხადებებში იყო ის, რომ არჩევნების გაყალბების მასშტაბი ადეკვატურად არის შეფასებული. თავისთავად ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისაკენ მოუწოდა, გორდაძის შეფასებით, გასაკვირი არც უნდა იყოს.
“როგორც ჩანს, ყინული დაიძრა და დასავლეთი, კერძოდ აშშ, რწმუნდება იმაში, რომ ეს არჩევნები მართლაც არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. არ არის გასაკვირი, რომ აშშ მოუწოდებს ოპოზიციას შევიდეს პარლამენტში, ეს ყოველთვის ასე ხდებოდა. მათივე განცხადებებში, საკმაოდ არაორაზროვნად აღნიშნეს, რომ იყო ძალიან სერიოზული დარღვევები. ფატალურ ზიანზე არის ლაპარაკი, არჩევნების შედეგების კუთხით. ეს ყველანაირ საფუძველს გიქმნის, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა დააყენო კითხვის ნიშნის ქვეშ”, – ამბობს გორდაძე.
მისი შეფასებით, ოპოზიციას წარსული გამოცდილებების მსგავსად მარგინალიზაციის საფრთხე არ უდგას. ერთადერთი საფრთხე, მისი თქმით, კოვიდპანდემიის შედეგად შეკრებებზე გამოსვლის შიშია, რომელიც გრძელვადიანად ისევ ხელისუფლებას დააზარალებს.
“საშიშროება არის, რომ სიტუაცია დამძიმდეს ქვეყანაში. ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს ეპიდემიის სტატისტიკას და ის უარესდება დღითი დღე. ხალხს ეშინია აქციებზე გამოსვლის და ა.შ. ამან შეიძლება ითამაშოს უარყოფითი როლი, მაგრამ არ მგონია, რომ ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალოს. პირიქით, ეკონომიკური კრიზისით უფრო დამძიმდება და ზამთარში და შემოდგომაზე სიტუაცია ბევრად უფრო უარესი იქნება ყველასთვის”, – ამბობს გორდაძე.
მისი თქმით, აუცილებელია გაგრძელდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები და გამოინახოს კომპრომისული შეთავაზება, რათა ხელისუფლებამ სახე შეინარჩუნოს და ამომრჩეველს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა გაუჩნდეს.
“მე ვფიქრობ, რომ ხანგრძლივ მოლაპარაკებების პროცესში შესვლა აუცილებელია, აუცილებელია კონსტრუქციული შეთავაზებების გაკეთება, რომელიც მათ შეუნარჩუნებდა სახესაც. შეიძლება შესთავაზონ, რომ მეორე ტურები გაზაფხულზე გადაიტანონ და მოხდეს საარჩევნო სტრუქტურის და ცესკო-ს რეფორმირება და ამ პერიოდში მოხდეს იმ საჩივრების განხილვა და გადათვლა”, – ამბობს გორდაძე.
ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში რჩება. მათი შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა და ის არ ასახავს ქართველი ამომრჩევლის ნებას. ბოიკოტს 8-ვე ოპოზიციური პარტია შეუერთდა, რომელმაც საარჩევნო 1%-იანი ბარიერი გადალახა და არჩევნების გზით მანდატი მოიპოვა. ისინი ბოიკოტს უცხადებენ არჩევნების მეორე ტურებსაც, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 16 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება.
პირველი ტურების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შედგენილი საჩივრებიდან ცესკო-მ შემაჯამებელ სხდომაზე არცერთი დააკმაყოფილა.
ასევე არჩევნებზე დამკვირვებელი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებიდან ცესკო-მ მხოლოდ 17% დააკმაყოფილა.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები კი ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების მონაწილეობით მიმდინარეობს. აქამდე გამართული ორი შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები მტკიცედ აცხადებენ, რომ მათი პრინციპული მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.