პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე გორდაძე ფორმულასთან სტუმრობისას ოპოზიციური პარტიების შესაძლო სტრატეგიას განიხილავს და ამბობს, რომ ოპოზიციამ აუცილებელია დასავლეთს აჩვენოს, რომ არჩევნების გაყალბების მასშტაბი იყო დიდი და რომ ის არ აპირებს ხელისუფლების უკანონო გზით ხელში ჩაგდებას.
მისი შეფასებით, ხელისუფლებამ ოპოზიციას მოლაპარაკებების პროცესში კომპრომისული ვარიანტი უნდა შესთავაზოს, რათა სახე შეინარჩუნოს. გორდაძე ფიქრობს, რომ არჩევნების ხარვეზიანობის შესახებ საერთაშორისო აღქმების პარალელურად, ხელისუფლებას შეუძლია მეორე ტურები გადადოს და მათ ჩატარებამდე საჩივრების სამართლიანად განხილვა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება განახორციელოს.
“მე ვფიქრობ, რომ ხანგრძლივ მოლაპარაკებების პროცესში შესვლა აუცილებელია, აუცილებელია კონსტრუქციული შეთავაზებების გაკეთება, რომელიც მათ შეუნარჩუნებდა სახესაც. შეიძლება შესთავაზონ, რომ მეორე ტურები გაზაფხულზე გადაიტანონ და მოხდეს საარჩევნო სტრუქტურის და ცესკო-ს რეფორმირება და ამ პერიოდში მოხდეს იმ საჩივრების განხილვა და გადათვლა”, – ამბობს გორდაძე.
მისი თქმით, მსგავსი პრეცენდენტი საფრანგეთშიც მოხდა, როდესაც კოვიდპანდებიის გამო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური რამდენიმე თვით გადაიდო.
მისი შეფასებით, ოპოზიციას წარსული გამოცდილებების მსგავსად მარგინალიზაციის საფრთხე არ უდგას. ერთადერთი საფრთხე, მისი თქმით, კოვიდპანდემიის შედეგად შეკრებებზე გამოსვლის შიშია, რომელიც გრძელვადიანად ისევ ხელისუფლებას დააზარალებს.
“საშიშროება არის, რომ სიტუაცია დამძიმდეს ქვეყანაში. ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს ეპიდემიის სტატისტიკას და ის უარესდება დღითი დღე. ხალხს ეშინია აქციებზე გამოსვლის და ა.შ. ამან შეიძლება ითამაშოს უარყოფითი როლი, მაგრამ არ მგონია, რომ ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალოს. პირიქით, ეკონომიკური კრიზისით უფრო დამძიმდება და ზამთარში და შემოდგომაზე სიტუაცია ბევრად უფრო უარესი იქნება ყველასთვის”, – ამბობს გორდაძე.
ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში რჩება. მათი შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა და ის არ ასახავს ქართველი ამომრჩევლის ნებას. ბოიკოტს 8-ვე ოპოზიციური პარტია შეუერთდა, რომელმაც საარჩევნო 1%-იანი ბარიერი გადალახა და არჩევნების გზით მანდატი მოიპოვა. ისინი ბოიკოტს უცხადებენ არჩევნების მეორე ტურებსაც, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 16 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება.
პირველი ტურების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შედგენილი საჩივრებიდან ცესკო-მ შემაჯამებელ სხდომაზე არცერთი დააკმაყოფილა.
ასევე არჩევნებზე დამკვირვებელი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებიდან ცესკო-მ მხოლოდ 17% დააკმაყოფილა.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები კი ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების მონაწილეობით მიმდინარეობს. აქამდე გამართული ორი შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები მტკიცედ აცხადებენ, რომ მათი პრინციპული მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.