მორიგი თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე და პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობა – “ქართული ოცნება” ოცნება სასამართლო რეფორმის კრახს და სისტემაში კლანის არსებობას მესამე სექტორს აბრალებს.
“ქართული ოცნების” დეპუტატის, სოზარ სუბარის მტკიცებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, “ქართულ ოცნებას” მოსამართლეების გაშვება სურდა, თუმცა ამის საშუალება მათ ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა არ მისცეს.
“არასამთავრობოებმა მაშინ დაიკავეს პოზიცია, რომ სასამართლო ხელისუფლებისთვის მიგვეცა უფლება, რომ იუსტიციის საბჭოში მათ ჰქონოდათ უმრავლესობა და შეგვენარჩუნებინა სისტემა რომელიც იყო. ჩვენ ამ გზით წავედით ხანგრძლივი მსჯელობების შემდეგ, ანუ გავიზიარეთ მათი მოცემულობა და დღევანდელი გადასახედიდან მიმაჩნია, რომ ეს იყო სწორი.
საოცრება ის იყო, რომ მოგვიანებით, როდესაც ეს ყველაფერი გატარდა, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაგვიწყეს კრიტიკა კონკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით და დაიწყეს მოთხოვნა, რომ უფრო მეტი პოლიტიკური ჩარევა ყოფილიყო მოსამართლეების დანიშვნის საკითხში, სასამართლოზე გაზრდილიყო პოლიტიკური გავლენა”, – თქვა სოზარ სუბარმა.
სუბარის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები მესამე სექტორიდან. არასამთავრობო ორგანიზაციები “ოცნების” დეპუტატს ტყუილში ამხელენ და ამბობენ, რომ სასამართლო რეფორმა უნდა განხორციელებულიყო სწორედ მაშინ, როდესაც მმართველი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, ახლა კი დრო უკვე დაკარგულია.
ტვ მთავარი