პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობას უნდა ჰქონოდა კონკრეტული გეგმა, როგორ იმოქმედონ თანამშრომლებმა ასეთ სიტუაციაში – ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციის, “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დირექტორი, უჩა ნანუაშვილი რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის გაჩენას, რამაც 2 პატიმრის სიცოცხლე შეიწირა.
ყოფილი სახალხო დამცველი ამბობს, რომ მომხდარის გამო კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება აუცილებელია:
“ფაქტმა გამოავლინა, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესები პენიტენციურ სისტემაში არ არის დაცული. თანამშრომლებს არ აქვთ კონკრეტული ინსტრუქცია, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში. აუცილებელია კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის აქტის დაყენება. პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობას უნდა ჰქონოდა კონკრეტული გეგმა, თუ როგორ იმოქმედონ თანამშრომლებმა ასეთ სიტუაციაში. პენიტენციური სისტემა მალავდა ინფორმაციას იმის გამო, რომ სისტემაში არის სერიოზული ხარვეზები. წლების განმავლობაში პენიტენციური სისტემა გახდა უფრო მეტად დახურული საზოგადოებისთვის”, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.