„რუსეთმა დუგინის თეოდემოკრატიული იდეებით დისტანციურ დასხივებას ცოცხალი პარტიის დაფუძნება ამჯობინა,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პლიტსაბჭოს წევრმა, რომან გოცირიძემ CNews-ს ლევან ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, ვასაძის პოლიტიკაში შემოყვანა რელიგიურ-ნაციონალუსტური ძალის რებრენდინგის მცდელობაა.
„რელიგიურ-ნაციონალუსტური, ანტილიბერალური და ანტიდასავლური მიმართულების ძალის განახლების, როგორც იტყვიან, რებრენდინგის მცდელობაა. მარშისა და მილევადი „პატრიოტთა ალიანსის“ დაცემული დროშა ხომ ვიღაცამ უნდა აიტაცოს. ეს ივანიშვილის გადარჩენის მცდელობაცაა ახალი ტიპის კოალიციის შეკიწიწების სახით: „ოცნება“, გახარია, ვასაძე – ახალი პოლიტიკური სამება, რომლებიც ერთმანეთის რბილ კრიტიკაში იქნებიან და ბოლოს, ივანიშვილი თბილი კალთის ქვეშ მოყუჩდებიან. გუშინდელი დღე მომავლის საქართველოში. პოლიტიკური პერსპექტივა ნული, რეიტინგი – მხეცის ნიშანი, 0,666 პროცენტი,“ – აცხადებს გოცირიძე.
ამასთან, გოცირიძე ამბობს, რომ ვასაძემ პირველი აქტივობა უკვე დაანონსა.
„პირველი დიდი აქტივობაც დაანონსეს – „ტაბურეტკიანთა“ მარშის გაცოცხლება 17 მაისს და მერე ნამახვანში ჩავა,“ – აცხადებს გოცირიძე.
შეგახსენებთ: დღეს, 6 მაისს, ცნობილი გახდა, რომ ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის და პარტიას აფუძნებს, რომელსაც „ერი“ ერქმევა.