ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ მთელ სამეგრელოში მობილიზაციას ახდენენ კანონიერი ქურდებისა – აცხადებს თბილისში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “მთავარ დებატებში” საუბრისას.
ნიკა მელიას თქმით, “ოცნების” ხელისუფლების ძალაუფლება ძირითადად ძალადობასა და კრიმინალზე დგას და ყველა არჩევნებზე ხალხის დასაშინებლად იყენებს ქუჩას.
მელიას თქმით, კრიმინალები არიან თავად ხელისუფლების პირველი პირები, რომლებსაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გამოკეტილ ჰყავთ საპყრობილეში:
“ვხედავთ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე არის, ბოროტმოქმედი, ვერაგი, დამნაშავე კრიმინალი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დგას ძალადობაზე და ეს მთელი მისი საყრდენი ძალადობის უნდა გამოვაცალოთ. რამდენ კანონიერ ქურდსაც ჩართავს, მათ შორის, სამეგრელოში, სენაკში, ხობში, ზუგდიდში, სენაკში, უფრო გაგვაძლიერებს. რომ გავიგე, ბევრი კანონიერი ქურდი ჰყავთ ჩამოყვანილი და სხვადასხვა თათბირებს მართავენ, უფრო მეტად მემატება მოტივაცია, იმიტომ რომ მეტად ვრწმუნდები, რომ ეს ადამიანები არიან ამ სახელმწიფოს დასრულების მოსურნეები…
თუ ჰგონია ვიღაცა ვიგინდარას, ღარიბაშვილს ან კობახიძეს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ციხეში გამოკეტავს და ქურდებს აბოგინებს კიდევ უფრო მეტი მასშტაბით და ხარისხით და ჩვენ ხელის გადაგრეხვითა და გადაწევით, ამ სახელმწფოს მომავალს წაგვართმევს, ვერ იქნება.
პირიქით გეუბნებით, უფრო მეტნი ვიქნებით, უფრო მხნედ და მოტივირებულები. რაც არ უნდა გავლენიანი კანონიერი ქურდები ჩართონ ამ პროცესში, აი პირველ რიგში, ვისაც დედას ვუტირებთ, ვუტირებთ კანონიერ ქურდებს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით, მომავალს პარავენ ჩვენს შვილებს”,-თქვა ნიკა მელიამ , “მთავარი არხის” გადაცემაში “მთავარი დებატები”.