ფირალი და ტერორისტი მელქისედეკ გუნთაიშვილი (1873-1929) რომ ვერ მოიხელთეს, დედამისი და მისი ძმა აპოლონი დააპატიმრეს. განსრისხებულმა გუნთაიშვილმა მაზრის უფროსის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ ამხანაგებმა არ დაანებეს _ ყველას ააწიოკებენო. მაშინ მელქისმა წერილი მისწერა: რას კადრულობ, მოხუც ქალს რომ ციხეში აგდებო. თუ ასეა, მაშინ შენ ცოლ-შვილს მოვიტაცებ და ტყეში წავიყვანო. მაზრის უფროსმა ეს წერილი მიიღო და მესამე დღეს დედამისი ციხიდან გამოუშვა.
გუნთაიშვილი ერთ ხანს ცნობილი ქართველი ლოტბარის ანზორ ერქომაიშვილის დიდი ბაბუის, გიგოს ოჯახში იმალებოდა. ამ ოჯახს სხვადასხვა დროს თურმე სტუმრობდა სისონა დარჩია, დათიკო შევარდნაძე, გოგია ღლონტი… გუნთაიშვილი ღამით ოდის სახურავზე იმალებოდა, ღამით კი ჩამოდიოდა და სამზადისში ძმებ ერქომაიშვილებთან ერთად ქეიფობდა და მღეროდა. მელქისას იმდენად კარგი ხმა ჰქონდა, რომ ერთხელ მისთვის არტემ ერქომაიშვილს უთქვამს:. ”შენ რომ მთავრობა შეგირიგდეს, აუცილებლად ჩემს გუნდში ჩაგრიცხავდიო”.