„ნაცები“ ზუგდიდში შეიკრიბებიან, „ქოცები“ – თბილისში – 27 ოქტომბრის ორი აქცია

“მოვუწოდებ ყველა ზუგდიდელს და სრულიად სამეგრელოს, მიუხედავად ყველა სიძნელის და უბედურებისა, რომელსაც ახლა ზუგდიდში ატრიალებს „ქართული ოცნება“, მოდით ხვალ, 27 ოქტომბერს აქციაზე“, – განაცხადა დღეს, 26 ოქტომბერს, ენმ-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა, ანი წითლიძემ.

ცნობისთვის: ხვალ, 27 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავს.

წითლიძის თქმით, აქცია ლოზუნგით – “ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის” ზუგდიდის მერიის წინ, 20:30 საათზე დაიწყება.

“საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა გადის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე, რომელიც 26-ე დღეა შიმშილობს. სწორედ ამიტომ, ხვალ,  27 ოქტომბერს საღამოს 9-ის ნახევარზე, ზუგდიდის მერიის წინ, რუსთაველის N90-ში ჩატარდება მრავალათასიანი აქცია სახელწოდებით “ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის. მოვუწოდებ ყველა ზუგდიდელს და სრულიად სამეგრელოს, მიუხედავად ყველა სიძნელეების და ყველა უბედურებისა, რომელსაც ახლა ზუგდიდში ატრიალებს ქართული ოცნება, მოდით ხვალ აქციაზე, მოდით და კიდევ ერთხელ ვანახოთ ყველას, რომ ჩენ მშვიდად, წყნარად და მტკიცედ მივყვებით საქართველოს გამარჯვების გზას”, – განაცხადა  წითლიძემ.

შეგახსენებთ:

ხვალ, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე თბილისში აქციას  „ქართული ოცნებაც“ გამართავს.

cnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share