როგორ წარმოუდგენია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნით პოლარიზაციის დასრულება – ამაზე მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა და განმარტა, რომ პოლარიზაცია მაქსიმუმ არჩევნებამდე გაგრძელდეს, 30 ოქტომბრის შემდეგ კი, ეს ყველაფერი დასრულდება.
ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტის შიმშილობასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ის არ შიმშილობს და ეს ყველაფერი “შიმშილობის იმიტირებული ქრონიკაა”.
“სამი დღე რჩება არჩევნებამდე და ან დღეების განმავლობაში კიდევ არის მოსალოდნელი დღის წესრიგში ამ ფაქტორის შენარჩუნება. როგორც კი არჩევნები დასრულდება, ეს საკითხი საერთოდ უნდა მოვხსნათ დღის წესრიგიდან. ეს კაცი თავისი ფეხით ჩამოვიდა, ჩაჯდა ციხეში, სადაც მისი ადგილი იყო და ის არის ლიდერი ამ დესტრუქციული პოლიტიკური ძალის. ციხეში მისი ყოფნა, რაც მთლიანად მოიხსნება დღის წესრიგიდან როგორც ფაქტორი, ბუნებრივია დაამშვიდებს ამ ქვეყანას. 30 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ საერთოდ აღარ ვაპირებთ ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილზე. ჩვენ ვხედავთ, რომ არის რაღაც შიმშილობის იმიტირებული ქრონიკა. რასაც ჰქვია შიმშილი, ის არ შიმშილობს. იყო ფაქტები, როდესაც ის იღებდა თაფლს, მედიკამენტური კუთხით მიიღო შესაბამისი ვიტამინები და ა,შ. ეს არის ზუსტად იმიტაცია, რომელიც აქტუალური 30 ოქტომბრამდე იქნება მხოლოდ. ეს შოუ სწორედ ამ დრომდე დარჩება ძალაში. ჩვენ ასევე ვიხილეთ შიმშილობით სიკვდილის იმიტირებული ქრონიკაც, რაღაც ილუზიებში აცხოვრებენ საზოგადოებას. სინამდვილეში არც შიმშილობის რისკი და არც შიმშილობით სიკვდილის რისკი არ არსებობს. კაცი არ შიმშილობს და რა უნდა დაუმძიმდეს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.