“როგორც იცით აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან, ერთადერთი მიზნით, არჩევნების დღემდე შემენარჩუნებინა მინიმალური შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი, დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის წევრების და სამწუხაროა, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი მთავარი რეკომენდაცია. დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს. მე ჩამოვედი საქართველოში ვინაიდან ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ მიემართებოდა ტოტალიტარიზმისკენ და ქართველებისგან დაცლისკენ, თუნდაც ამ არჩევნებზე უნდა ვცადოთ ამის შეჩერება და გადავდგათ ნაბიჯი შემობრუნებისკენ.
პირველ ტურში ოპოზიციამ მართლაც მიაღწია სერიოზულ წარმატებას და ყველა დიდ ქალაქში მიაღწია მეორე ტურს, ხოლო რამდენიმეში პირველ ადგილზეც გავიდა. შემდეგ ჩვენ გავხდით ძალიან პოზიციური პროცესის მომსწრე, სრულიად სხვადასხვა ოპოზიციური ძალების გაერთიანებისა. ხვალ არის მეორე ტური და ის გადამწყვეტია ქართული დემოკრატიისათვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლისთვის. მე მინდა თქვენ იცოდეთ, რომ ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებაზე და საქართველოს გამარჯვებაზე.
დღეს ჩემი შიმშილობა სრული მოცულობით გრძელდება, მაგრამ მაქვს თითოეული თქვენთაგანის იმედი, და ესე იგი გამარჯვებული ხვალის იმედი.
გთხოვთ, დღეს დღის ბოლომდე და ხვალ დილიდან გადაურეკოთ ყველა ნათესავს, ახლობელს, ვინც არ აპირებდა არჩევნებზე მისვლას და გაიყოლოთ თან. ყოველი ადამიანის მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ასევე მინდა გთხოვოთ ხვალ საღამოს შეიკრიბოთ ხელახლა საარჩევნო უბნებთან რათა ერთად დავიცვათ ხმები, ივანიშვილს უნდა, რომ საბოლოოდ გაგვტეხოს და დაგვიმორჩილოს. თქვენ ხელშია ახლა საქართველოს და ჩემი ბედიც.
მე ღრმად მწამს გამარჯვების და გამარჯვებასთან ერთად საზოგადოების შერიგების და გამთლიანების, ჭრილობების მოშუშების და განსხვავებული შეხედულებების ადამიანების ერთობლივი წინსვლის და წარმატების, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი”,- წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.