ცოტა რამ უნიკალურ თეთრ ტორფნარზე, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ კოლხეთის დაბლობშია

ჭაობის წარმოთქმისას რა გახსენდებათ? ალბათ წყლის გუბე და უსიამოვნო სუნი. თუმცა უცნაური, სასიამოვნოდ დაჭაობებული ადგილებიც არსებობს – ჭაობი, სადაც მცენარეები არ იხრწნებიან და პირიქით: შიგ მუდამ ცოცხალი, სწრაფად მზარდი თეთრი ხავსი, სფაგნუმი ხარობს.

თეთრი ხავსის სფაგნუმი

ამ ხავსს საკუთარ წონაზე ოცდაათჯერ მეტი წყლის შეწოვა შეუძლია. თეთრი ხავსი უზარმაზარ ტორფნარს ფარავს ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე. ტბა თეთრი, წელიწადის სხვადასხვა დროს კი მომწვანო, მოწითალო, მოყვითალო ხავსითაა დაფარული, ამ „საბანზე“ ჩვეულებრივად დააბიჯებთ, როგორც გაუკვალავ თოვლში. მსოფლიოში ასეთი ადგილი არსადაა. თეთრი ხავსით დაფარულ მსგავს ტორფნარს დედამიწის სხვა წერტილში ვერსად ნახავთ. ქობულეთის სფაგნუმიანი ტორფნარი სწორედ ამ ნიშნით შეიყვანა იუნესკომ მსოფლიოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში.

თეთრი ხავსის ამონაყარი

სფაგნუმიანი ტორფნარი ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე

კოლხეთის დაბლობის ამ ადგილებს რამსარის კონვენციაც იცავს, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგის ტერიტორიას. ტორფნარში ჩრდილოეთის ისლი და წყლის სამყურა ხარობს. ეს სახეობები გამყინვარებისდროინდელია, რელიქტები, რომლებიც გამყინვარებას სასწაულებრივად გადაურჩნენ. ისინი დიდი და მცირე კავკასიონის რეფუგიუმმა ანუ კოლხეთის თავშესაფარმა შეიფარა.

კოლხური დუმფარა

ტორფნარიც გამყინვარებისდროინდელი რელიქტია. გაზაფხულზე თეთრ-ვარდისფრად მოყვავილე კოლხური დუმფარა, კოლხური მუხა და ტორფნარის ოქროწკეპლაც გამყინვარებას გადაურჩნენ. ეს ენდემური სახეობებია. თუ გაგიმართლათ, დაცულ ტერიტორიაზე შეიძლება ძელქორმაც გადაგიფრინოთ. ეს ფრინველი დაცული ტერიტორიების სიმბოლოა და აქვე ბუდობს. ჭარბტენიან არხებში შეიძლება ალკუნსაც მოჰკრათ თვალი.

ალკუნი

ზამთრობით, გადაფრენის პერიოდში, აქ ბექობის არწივები, გედები, ვარხვები და რუხი ყანჩებიც ჩნდებიან. ტორფნარში ისვენებენ.

ტორფნარის ოქროწკეპლა

დროზენა

დაცულ ტერიტორიაზე 220 სახეობის ფრინველია აღწერილი. რა უნიკალურმა ბუნებრივმა გარემომ შეუწყო ხელი მსოფლიოში ერთადერთი თეთრი ხავსის, სფაგნუმის წარმოქმნას კოლხეთის დაბლობზე, რა მნიშვნელობა აქვს ამას მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობისთვის და როგორ შევიდა იუნესკოს სიაში ტორფნარი – ამ და სხვა თემებზე ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი იზოლდა მაჭუტაძე გვესაუბრა.

ხავსიანი ტორფნარი

  • კოლხეთის კლიმატმა რა ჰქმნა?

კოლხეთის კლიმატმა ხელი შეუწყო კოლხეთის დაბლობზე განსაკუთრებული, მსოფლიოს უნიკალური ჰიდროლოგიური რეჟიმის მქონე სფაგნუმიანი ტორფნარების ჩამოყალიბებას. ტორფნარი მხოლოდ ატმოსფერული ნალექით, წვიმის წყლით, ცვრითა და ნამით საზრდოობს, არ აქვს კავშირი გრუნტის წყალთან. კავკასიონი მაღლდებოდა, ზღვა მიდიოდა და მოდიოდა, რყევებმა წარმოქმნა დიუნა ტერასები, რამაც ირგვლივ ჭარბტენიანი გარემო შექმნა და ასე ჩამოყალიბდა სფაგნუმიანი ტორფნარები. მანამდე, 20 მილიონი წლის წინ, აქ ტყე იყო.

  • უნიკალური თეთრი ხავსი

ჩვენი ტორფნარები მსოფლიოში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპით ხასიათდებიან. 32 სმ-ით იზრდებიან წელიწადში, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ნიშნავს, რომ ყოველდღიური ზრდა ახასიათებთ.

ქობულეთის ტორფნარის აღმოჩენამდე ცნობილი იყო, რომ ყველაზე სწრაფად ზრდადი სფაგნუმიანი ტორფნარი არგენტინაში, ცეცხლოვან მიწაზე იზრდებოდა – 17, 18 სმ წელიწადში. თეთრი ხავსის ტორფნარი წყლით არასდროს იფარება. ეს ცოცხალი ეკოსისტემაა. დღეისათვის მსოფლიოში თეთრი ხავსის ორი ტორფნარია, ორივე კოლხეთის დაბლობში: ისპანსა და ირნათში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კოლხეთი მსოფლიო უნიკალური ტორფნარების ადგილის დედაა. მსოფლიოში ასეთი ტორფნარი არსადაა.

  • რატომ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონვენციებით კოლხეთის ტორფნარების დაცვა

ეს ტერიტორია გადამფრენი ფრინველებისთვის უმნიშვნელოვანესია. აქ ისვენებენ, ძალებს აღიდგენენ და თბილი ქვეყნებისკენ აგრძელებენ გზას, სხვაგვარად დანიშნულების ადგილამდე შეუსვენებლად ფრენას ისინი ვერ შეძლებდნენ. ტორფნარს ეკოსისტემური სერვისის ფუნქცია აქვს: ფრინველებისთვის წყლით და საკვებით მომმარაგებელი საშუალებაა, უნიკალური ჰაბიტატით.

ტორფნარებს ლოკალურ და გლობალურ დონეზე კლიმატის რეგულირების უნარიც აქვთ. ხელუხლებელ ტორფნარში მეთანის, სითბური გაზების აკუმულაცია ხდება. ტორფნარებში ნახშირბადის ულევი მარაგიცაა. ტორფნარის რღვევისას მეთანი განიბნევა და გამოიყოფა აზოტის ჟანგი, ნახშირორჟანგი, სითბური გაზები, რაც ძალიან მავნებელია. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ტორფნარების რღვევის თავიდან აცილება. ასე შეუძლია ტორფნარს კლიმატზე ზემოქმედება.

ქობულეთის დაცული ტერიტორია

როგორც უკვე ვახსენეთ, პატარა ხავსს, სფაგნუმს, აქვს უნარი შეიწოვოს საკუთარ წონაზე ოცდაათჯერ მეტი წყალი. წვიმისას, მაგალითად, 320 ჰექტარზე გადაჭიმული ისპანი 2-ის ხავსიანი ტორფნარის გუმბათი, წყლით როცა იჟღინთება, 27 სანტიმეტრით მაღლდება.

  • როგორ მიიღო კოლხეთის ტორფნარებმა მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი

ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მეცნიერმა იზოლდა მაჭუტაძემ სტატია მოამზადა ქობულეთის ტორფნარებზე, სადაც წარმოდგენილი იყო კლიმატური დიაგრამაც. სტატია წაიკითხეს დიდ სამეცნიერო კონფერენციაზე უცხოეთში, რომელზეც ტორფნარების დიდი სპეციალისტი, მეცნიერი ჰანს იუსტენიც ესწრებოდა. იუსტენი და მისი თანამოაზრეები დიდხანს ვარაუდობდნენ, რომ სადღაც, მსოფლიოში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ტორფნარი, როგორის წარმოქმნასაც ზუსტად ისეთი კლიმატური პირობები სჭირდებოდა, როგორიც იზოლდა მაჭუტაძეს ჰქონდა ნაჩვენები სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი გვიხსნის, კლიმატური დიაგრამა აჩვენებდა, რომ ტორფნარების ადგილზე უხვი ნალექი წლის განმავლობაში თანაბრად ნაწილდებოდა: „მეცნიერები ამ დიაგრამით დაინტერესების შემდეგ რეალურადაც ჩამოვიდნენ საქართველოში, ჩაატარეს კვლევები, რამაც აჩვენა, რომ სწორედ ეს იყო იმ ტიპის ტორფნარი, რასაც მეცნიერები მთელ დედამიწაზე ეძებდნენ.

შემდეგ იყო ტორფნარების შემსწავლელი საერთაშორისო ჯგუფის კონფერენცია 2000 წელს, სადაც საჯაროდ განვაცხადეთ ამ უნიკალური აღმოჩენის შესახებ. შემდეგაც ჩამოდიოდნენ მეცნიერები 2007-2009 წლებში მთელი მსოფლიოდან და ყველამ ნახა, რასთანაც გვქონდა საქმე. კოლხეთის ტორფნარებს განსაკუთრებული ადგილი ერგო“, – ამბობს იზოლდა მაჭუტაძე.

ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი იზოლდა მაჭუტაძე

2010 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა დიდი მონოგრაფია ევროპის ტორფნარების შესახებ, სადაც მნიშვნელოვანი თავი ეძღვნება კოლხეთის უნიკალურ ტორფნარებს. იწერება უამრავი საბაკალავრო, სადოქტორო თემა ამ ადგილების შესახებ. კვლევები ახლაც მიმდინარეობს. როგორც იზოლდა მაჭუტაძე აღნიშნავს, კოლხეთის ტორფნარები სამეცნიერო კვლევების უშრეტ წყაროს წარმოადგენს.

სამომავლოდ ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტორფნარში სპეციალური ბილიკების მოწყობა იგეგმება, რითაც დამთვალიერებელს მიეცემა შესაძლებლობა, უნიკალური ჰაბიტატების განადგურების გარეშე გაიაროს ნაკრძალში და თეთრი ხავსის ველები ნახოს.

უნდა ვთქვათ, რომ კოლხეთის ტორფნარის ხავსი სრულად მაისიდან თეთრდება, მთელი ზაფხულის განმავლობაში: როცა ნალექი ნაკლებია და გამომშრალი ღრუბელივითაა. წვიმიან შემოდგომასა და ზამთარში კი მომწვანო, მოვარდისფროდ იფერება – ამ დროს ხავსის ბოჭკოები სრულადაა გაჟღენთილი წყლით.

სამომავლოდ იგეგმება ასევე ტორფნარის ირგვლივ დეგრადირებული ნაწილის აღდგენა, სადაც ადრე ტორფის მოპოვება წარმოებდა. აქ ჰაბიტატები უნდა აღდგეს და დაუბრუნდეს ბუნებრივ გარემოს, რასაც მხარს უჭერს რამსარის კონვენცია, აგროკულტურისა და სურსათის საერთაშორისო ორგანიზაცია (FAO) და კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენცია.

ტურისტები ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე

  • როგორ წავიდეთ ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე

სანამ გადაწყვეტთ ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე წასვლას სფაგნუმით დაფარული უნიკალური ტორფნარის სანახავად, სასურველია დაუკავშირდეთ ქობულეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრს, საიდანაც გიდს გაგაყოლებენ. აქვეა ასევე შესაძლებელი ხის თხილამურების დაქირავება. ხის სპეციალური თხილამურები დაჭაობებულ ადგილებსა და ტორფნარში გადაადგილებას გაგიადვილებთ.

დაცულ ტერიტორიაზე სპეციალური კოშკურაცაა, საიდანაც მთელი ტორფნარი ჩანს ხელისგულივით. ფრინველების გადაფრანის პერიოდში აქედან შეიძლება გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება. შემოდგომაზე თუ ეწვევით ნაკრძალს ტორფნარის უნიკალური ხავსი მომწვანო-ვარდისფერი დაგხვდებათ, თეთრი ხავსის ნახვა კი ზაფხულშია შესაძლებელი – როცა ნალექები ნაკლებია და სფაგნუმიც გამომშრალია.

გაზაფხულზე ენდემური სახეობის კოლხური დუმფარას ყვავილობას ნახავთ.

სულ მალე აქ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი კოტეჯები, ავტოპარკინგი და ვიზიტორთა ცენტრი, აქვე იქნება შემეცნებითი სივრცეც, სადაც ისპანის ბიომრავალფეროვნება იქნება წარმოდგენილი – ვიზიტორები სფაგნუმზე ხელით შეხებასაც შეძლებენ.

netgazeti.ge

 
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share