myauto.ge-ზე საქართველოსთვის იშვიათი მოდელის 4 ერთნაირი ავტომანქანა – Ford excursion იყიდება. ოთხივეს ერთი ადამიანი – ვინმე დიმიტრი ყიდის. ორი ავტომანქანის ფასი 34-34 ათასი დოლარია, მესამე და მეოთხე მანქანა 23 და 25 ათას დოლარად არის შეფასებული. ორი მანქანა დაჯავშნილია.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ეს ავტომანქანები ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვას ემსახურებოდა.
იგივე ავტომანქანები eAuction.ge-ზეც იყიდება. აუქციონზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, მათ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია, შპს „კომპლექსს სერვისი“ ყიდის.
„კომპლექს სერვისის“ დამფუძნებელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა. ფირმის გენერალური დირექტორი პაატა სულაბერიძეა, რომელიც წლებია ბიძინა ივანიშვილთან მუშაობს და მისი და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ კომპანიებს მართავს, სულაბერიძე შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის დირექტორიცაა.
აუქციონზე გამოტანილი ოთხივე მანქანის საწყისი ფასები განსხვავებულია და 79 ათასი ლარიდან (24000$) 106 ათას ლარამდე (33000$) მერყეობს.
განცხადებებში მითითებულია, რომ მანქანები თბილისში, ორბელიანის მოედანის მიწისქვეშა ავტოსადგომზე დგას.
გაყიდვის განცხადებებს ავტომანქანების ფოტოები ახლავს, რამდენიმე მათგანი ივანიშვილის ბიზნესცენტრის ტერიტორიაზეა გადაღებული.
აუქციონის დასრულებამდე ორი დღე დარჩა, ელექტრონული აუქციონის პრაქტიკით, პირველი მცდელობის წარუმატებლობის შემთხვევაში პროდუქტი ხელახლა გასაყიდად შემცირებული ფასით გამოდის.