“ქართული ოცნების” წევრები ამბობენ, რომ არსებობდა “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი”, რის გამოც პენიტენციურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის კადრები გაასაჯაროვა. მათი მტკიცებით, კადრებმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა “არ არის ისე გაუარესებული, რომ სადღაც საჭიროებდეს მისი გადაყვანას”.
“ისტერიკა, რომელიც ყოველდღიურად გვესმის, რომ ადამიანი თურმე კვდება და დღედღეზე თუ არ გადაიყვანენ საავადმყოფოში გარდაიცვლება, მემგონი ამის საპასუხოდ და საზოგადოებისთვის სიმართლის საჩვენებლად საჭირო იყო იმის თქმა, რომ რეალურად ეს ადამიანი არც სიკვდილის პირას არ არის, არც შიმშილობს და არც მისი ჯანმრთელობა არ არის ისე გაუარესებული, რომ სადღაც საჭიროებდეს მისი გადაყვანას. რატომ არის ამხელა ამბავი ატეხილი ამას ვერ ვხდები, სიმართლე გითხრათ, თუ ამას სარჩულად არ აქვს საზოგადოების კიდევ უფრო მეტი დაზაფრა, პოლარიზება და კიდევ უფრო მეტი არეულობის შემოტანა ქვეყანაში”,- ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.
“ოცნების” კიდევ ერთი წევრი, პარლამენტის დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნას “არასასიამოვნო” ფაქტს უწოდებს.
“სამწუხაროა, ნამდვილად არ არის სასიამოვნო და გასახარი, როდესაც პოლიტიკოსები თავიანთ მოღვაწეობას აგრძელებენ იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი დღეს იმყოფება, მაგრამ ასევე, მნიშვნელოვანია, კანონის უზენაესობა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი”,- თქვა მაკა ბოჭოიშვილმა.
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე კი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა “ფეიკია”. კობახიძე ამბობს, რომ სააკაშვილი არის ფეიკი, მისი შიმშილობაც აღმოჩნდა ფეიკი .