ცენტრი ემპათია -ს ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას წამებად აფასებს.
ემპათიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, გლდანის ციხეში გადაყვანისას როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიური წამება დაფიქსირდა.
“აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებებში ყოფნისას დაექვემდებარა სხვადასხვა სახის ღირსების შემლახავ მოპყრობას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ხოლო მე – 18 – ე დაწესებულებაში გადაყვანისას დაექვემდებარა როგორც ფსიქოლოგიურ წამებას, ასევე ფიზიკურ წამებას და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენციის მცდელობას, რამაც პაციენტს უარი ათქმევინა სამედიცინო მომსახურებაზე, რაც რისკის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს და საჭიროებს დაუყოვნებელ ზომებს, პაციენტის სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის სახით” , – აცხადებს ემპათია
ემპათიას განცხადებაში ნათქვამია, რომ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა, პოლიტიკური შურისძიება, ყოფილი პრეზიდენტის დისკრიმინაცია, საზოგადოების დეზინფორმაცია და სხვა კანონდარღვევები, ერთობლიობაში ფასდება, როგორც პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის წამება.
“ამავდროულად, ზეწოლის ფაქტების ინტენსიობისა და ხანგრძლივობიდან გამომდინარე, რაც შიმშილობის ხანგრძლივობასა და სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმაში აისახება, და მიზნად ისახავს პოლიტიკურ შიურისძიებას, მიხეილ სააკაშვილის დისკრიმინაციასა და საზოგადოების დეზინფორმირებას, მივიჩნევთ, რომ კანონდარღვევები და ძალადობის გამოყენებული მეთოდები, ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის წამება, ” – აცხადებს ემპათია.
ემპათიას დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელდა შემდეგი სახის ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების მეთოდები:
- დეპრივაცია, იზოლაცია; (სამარტოო საკანი ვიდეო მეთვალყურეობით, ფანჯრების დაბურვა, ერთი დღით ადვოკატებთან კონფიდენციური ურთიერთობის შეზღუდვა, კონფიდენციურობა ხერხდება წერილობითი ფორმით.)
- უკრაინელი ადვოკატის არ შემოშვება საქართველოში
- სიტყვიერი შეურაცხყოფა, დისკრედიტაციის მცდელობა: საქართველოს პრემიერმინისტრის, მმართველი სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარისა და სხვა მაღალჩინოსნების მხრიდან.
- სამედიცინო ხასიათის დანიშნულების შესრულებისას ვიდეო – ჩანაწერის გასაჯაროება
- სამედიცინო ნაწილში ვიდეომეთვალყურეობა
- სამედიცინო კონფიდენციურობის დარღვევა
- ადეკვატური სამედიცინო დახმარების უქონლობა;
- დისკრიმინაცია პოლიტიკური მოტივით, ჯანდაცვის სერვისებით მანიპულირება;
- ალტერნატიულ სამედიცინო აზრსა და ექსპერტიზაზე კანონიერი უფლების შეზღუდვა.
- ღირსების შემლახავი მოპყრობის მცდელობა და მუქარა მე – 18 დაწესებულებაში გადაყვანით (ციხეთა საავადმყოფო, მე – 8 საპყრობილის ტერიტორიაზე, სადაც პატიმრები ასრულებენ სანიტრების ფუნქციას და კრიმინალური სუბკულტურა დომინირებს).
- პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური მართლმსაჯულება
- 08/11/2021 – ში, N 12 – ე დაწესებულებ იდან N 18 – ე დაწესებულებაში გადაყვანის გარემოებები და ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების მეთოდები 08 – 09/11/2021 წ. მდგომარეობით:
- მოტყუებით, ინფორმირებული თანხმობის გარეშე N12 – ე დაწესებულებიდან მოშიმშილე პატიმრის გადაყვანა N 18 – ე დაწესებულებაში.
- ადვოკატებისა და ოჯახის წევრების დეზინფორმირება – არ მიეწოდებოდათ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი, რამოდენიმე საათის განმავლობაში.
- სამედიცინო კონსილიუმის წევრებისა და თვითონ პაციენტის მიხეილ სააკაშვილის დეზინფორმირება, სავარაუდოდ, პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ქნ. დემურიშვილის მხრიდან.
- მე – 8 საპყრობილის ტერიტორიაზე მდებარე N 18 – ე დაწესებულებაში შეყვანისას სავარაუდოდ და დიდი ალბათობით კრიმინალური სუბკულტურისა და ადმინისტრაციის თანამონაწილეობით, წაქეზებით ან/და მდუმარე თანხმობით ხმაური და ვერბალური შეურაცხყოფის მიყენება პატიმარი მიხეილ სააკაშვილისადმი, რომელიც დღემდე გრძელდება და მოშიმშილე პატიმარი იმყოფება ამგვარი ფსიქოლოგიური დისტრესის ქვეშ.
- მე – 18 -ე დაწესებულებაში თანამშრომლების მხრიდან ვერბალური ძალადობა, დამამცირებელი მოპყრობა და მუქარა.
- N 18 – ე დაწესებულებაში არანებაყოფლობითი სამედიცინო მანიპულაციის ჩატარების მცდელობა, რაც მოიცავდა როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ძალადობას, საწოლზე დაბმის მცდელობის სახით, რაზედაც მოშიმშილე პატიმარმა წინააღმდეგობა გაწია.
- საზოგადოების დეზინფორმაციის მცდელობა იუსტიციის მინისტრი ბრეგაძის მხრიდან და მისი მიკერძოებულობა პატიმრის ინტერესების საზიანოდ.
- ფიზიკური ძალადობა: ძალით გადმოთრევა ავტომობილიდან და ძალით შეთრევა მიწაზე გახოხიალებით N 18 – ე დაწესებულებაში. კისერში ჩარტყმა, ტანსაცმელის შემოხევა.
ემპათია წერს, რომ სააკაშვილი არის პირველი პაციენტი, ვინც გლდანის ციხეში გადაიყვანეს და არსებობს საფრთხე, რომ მასზე სამედიცინო ექსპერიმენტი ჩატარდეს.
“აქვე განვმარტავთ, იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანში, მე – 8 საპყრობილის ტერიტორიაზე განთავსებულ მე – 18 – ე დაწესებულებაში გადაეყვანათ, სამედიცინო კადრების მობილიზება – აყვანა დაიწყეს უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, ხოლო უმცროსი მედპერსონალის საკითხი, რომლის ფუნქციასაც პატიმრები ასრულებდნენ, კვლავაც გაურკვეველი რჩება. ამავე კლინიკის აღჭურვა დაიწყეს უკანასკნელ პერიოდში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციისათვის საჭირო გუნდური მუშაობის გამოცდილება აღნიშნულ კლინიკას არ გააჩნია და მიხეილ სააკაშვილი არის პირველი პაციენტი, რომელიც აქ განთავსდა, რაც ქმნის პატიმარზე სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარების საფრთხეს.” – ნათქვამია ემპათია-ს განცხადებაში
ემპათია ამბოს, რომ გლდანის ციხის სამედიცინო პერსონალი დიდი ალბათობით დაკომპლექტებულია ყოფილი პატიმრებით და “მსგავს ვითარებაში პატიმარ სააკაშვილის მიმართ სიცოცხლის მოსპობის რისკი მაღალია”
ემპათია გასცემს რეკომენდაციას მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნეს სამოქალაქო საავადმყოფოში და ამბობს, რომ სააკაშვილს ესაჭიროება როგორც სამედიცინო გამოკვლევები, ისე უფლებრივი დახმარება და ფსიქოლოგიური სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ემპათიის განცხადებითვე საჭიროა გამოძიება ჩატარდეს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებებზე, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ციხის თანამშრომლებს.
ემპათია თავის 75 გვერდიან დასკვნას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნის.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 41-ე დღეა, შიმშილობს. 8 ნოემბერს ის მოტყუებით გადაიყვანეს რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 საავადმყოფოში. მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეუყრაცხყოფა და მოუწყვეს ე.წ შუმოკი – პატიმრებმა ერთხმად აგინებს და როგორც ადვოკატი და სახალხო დამცველი ამბობენ, გინების ხმა ყოფილი პრეზიდენტის საკანში ახლაც ისმის.
საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ, Amnesty International განაცხადა, რომ ის, რაც სააკაშვილის მიმართ ხდება, არის არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარად პოლიტიკური შურისძიება.