ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი, საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს Twitter-ის გვერდზე კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა.
ილვესი წერს, რომ საქართველო იმ გზას ადგას, რომელიც ცენტრალურმა აზიის დესპოტურმა მმართველობებმა გაიარეს.
“სააკაშვილის მიმართ სასტიკად მოპყრობის შემზარავი კადრებითა და მსგავსი ქმედებებით, გირჩის წევრის, ბორის ყურუას 6 დღიანი დაპატიმრებით, საქართველო იმ გზას მიუყვება, რომელიც ცენტრალური აზიის დესპოტურმა მმართველობებმა გაიარეს. ამ ქვეყნებს დასავლური და ევროპული წესები არ აინტერესებთ. როგორც ჩანს, აღარც საქართველოს”, – აღნიშნავს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.
მან ასევე დაწერა, რომ ბელარუსის საზღვართან არსებული კრიზისის ფონზე, ევროკავშირს საქართველოს საკითხის მიმართ ნაკლები ყურადღება აქვს, რაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის პრობლემას წარმოადგენს.
“თუმცა, მე ვერ ვხედავ ევროკავშირის ყოფნის დიდ საჭიროებას ერთ დროს მნიშვნელოვან ქვეყანაში, რომელიც აზიურ დესპოტურ მმართველობებს შორის, ევროპული გამონაკლისი იყო. ვერ ვხვდები, ჩემმა ქვეყანამ ან სხვა ქვეყნებმა, რატომ უნდა დახარჯონ ფული, საკუთარი საელჩოების დაკომპლექტებაში?”,-წერს ილვესი.