”მე ვარ გოგო, რომელსაც არაფრის იმედი არ აქვს” – პატარა დარდიანი გოგოს ამბავი

15 წლის თათია კორტავა ლანჩხუთის სოფელ ნიგვზიანში, აფხაზავების უბანში ცხოვრობს. მას დედასთან, ორ დასთან და სნეულ ბებიასთან ერთად უკიდურეს გაჭირვებაში უწევს ცხოვრება.  “გურიის მოამბეს” მკითხველი ამჯერად, პატარა დარდიანი გოგოს  უმძიმეს ისტორიას გაეცნობა..გოგოსი , რომელსაც არაფერი ახარებს და ოცნებაც კი არ შეუძლია.

”არაფერი არ მახარებს.. ალბათ ჩემხელა ბავშვები სხვა რაღაცეებზე ოცნებობენ. მე კი ეს ოცნებაც არ გამაჩნია” – ამბობს თათია  და მკითხველს თავისი მძიმე ცხოვრების შესახებ უამბობს: “მე ერთი ყველაფერზე ხელჩაქნეული გოგო ვარ,აღარ ვიცი ჩემი მშიერი კუჭი ვიდარდო თუ მომავალი. ძალიან ხშრად საჭმელიც კი არ გვაქვს სახლში. საკვები გვჭირდება,რათა ღამით მშვიდად დავიძინო და ჩემი პატარა და მშიერ-მწყურვალი არ იყოს. არის დღეები, როცა საჭმელი საერთოდ არ გვაქვს, გვქონია დღეები, როცა მარტო ხახვი მწვანილი და პური გვქონია.”

როგორც თათია ამბობს, მათ საკვებით ვერავინ ეხმარება, ძირითადად ძველ ტანსაცმელს ჩუქნიან: “ტანსაცმელიც ხან ვისი ნაცვამი მაცვია, ხან ვისი. ახალი არასდროს არაფერი  მღირსებია. ახლა ჩემი დაბადების დღე მოდის, ნეტავ იმ დღეს, საჭმელი მაინც გვქონდეს სახლში.”

პატარა თათიას ძალიან უყვარს თავის სამშობლო, იცის, რომ ქვეყანას უნდა გაუფრთხილდეს და გამოადგეს: “სამშობლო ჩვენი ქვეყანაა, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია,რადგან ეს არის ჩვენი მიწა და მისი სიყვარული გვმართებს. სამშობლოს უნდა გაუფრთხილდე დაიცვა, მომავლისთვის უნდა გამოადგე.”

თუმცა გულდაწყვეტილია, რომ მას მისი ქვეყანა შიმშილისგანაც კი ვერ იცავს: “სახელმწიფო ეხმარება ხალხს,მაგრამ ეს საკმარისი არაა, ჩვენ უნდა მოგვცენ არსებობის საშუალება, არ გვაქვს საკვები, არ გვაქვს სწავლის საშუალება”.

ყველაზე მეტად სწორედ განათლებაზე სწყდება თათიას გული. იცის , რომ გაჭირვებიდან  თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება განათლებაა..თუმცა მას დღეს განათლების მიღების არანაირი პირობა და საშუალება არ აქვს. ადრე უცხო ენების სპეციალისტობაზე მეოცნებე პატარა გოგონა, დღეს ცრემლიანი თვალებით  ჰყვება, თუ როგორ ჩაკლა მასში ყველა ოცნება უფულობის, უსახსრობის და სიღატაკის გამო:

” ჩემი ხსნა სწავლაში და განვითარებაშია. მე მხოლოდ სწავლის საშუალებით შემიძლია, თავი დავაღწიო ამ ყველაფერს, ვიმუშაო და ხელფასი მქონდეს და შევძლო ოჯახის რჩენა.  პატარა რომ ვიყავი, მინდოდა უცხო ენების სპეცილაისტი გამოვსულიყავი, მაგრამ ახლა ვიცი, რომ არ არის სწავლის შესაძლებლობა. აღარც ოცნებები გამაჩნია. ონლაინი თუ დაიწყება ვერ ვახერხებ დასწრებას. 15 წლის  ვხდები, გავიზარდე და ვიცი, რომ ჩემგან არაფერი გამოვა. არანაირი ტექნიკა და საშუალება არ მაქვს, რომ მე სწავლის გაგრძელება შევძლო,მე ძალაინ მიყვარს სწავლა, მაგრამ როგორ.?”

ნამდვილად უმძიმესია, როცა ბავშვსგან გესმის, რომ მას არაფრის იმედი არ აქვს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share