სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჩამოანგრია იუსტიციის სამინისტროსა და ქართული ოცნების სტრატეგია – ამ განცხადებას სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი აქვეყნებს.
“…ჩემი აზრით, იუსტიციის სამინისტროს (ქართული ოცნების) გათვლა ყველაზე მძიმე – სააკაშვილის გარდაცვალების – შემთხვევაში სამოქმედო გეგმაზე იყო ორიენტირებული და სხვადასხვა შედეგის მიღწევას ისახვდა მიზნად.
პროგრამა მაქსიმუმი – სრულად გამორიცხულიყო სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ყველა შედეგი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას – არ შეეწყვიტა შიმშილობა – დაბრალებოდა….” – წერს მარიკაშვილი
სტატუსში ნათქვამია, რომ იუსტიციის სამინისტრომ მაქსიმალურად ჩაკეტა სააკაშვილის ჯანმრთელობისა და მისი პატიმრობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ოფიციალურად მიღების შესაძლებლობა.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მთავრობამ გააგრძელა ადვოკატებისთვის ინფორმაციის შეზღუდვა, აღარ უშვებდა პირად ექიმს პატიმართან, უარი უთხრა ძველ კონსილიუმს პატიმრის მონახულებაზე, არ შეუშვა ევროპარლამენტარები, უარი უთხრა უკრაინის ომბუდსმენს სააკაშვილის მონახულებაზე, ამ ფონზე კი უმნიშვნელოვანესი იყო სახალხო დამცველის ჩართულობა.
მარიკაშვილი ამბობს,რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენაში ომბუდსმენსა და მის აპარატს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს.