რამდენ ხანს გასტანს ფასების ზრდა და როდის უნდა ველოდოთ სიტუაციის გამოსწორებას

კოვიდისა და პოლიტიკური არასტაბილურობის პარალელურად, ეკონომიკურადაც გვიწევს “წელის გაწვრილება”. ქამრის შემოჭერას ვინ ჩივის, ფასები უკვე მწარედ იკბინება. სამომხმარებლო კალათაში განსაზღვრული 305 დასახელების პროდუქტიდან 271-ის ფასი გაიზარდა. მათგან 139-ის ზრდის პროცენტული მაჩვენებელი ორნიშნაა, ორის – სამნიშნა.

ეროვნული ბანკის რესურსი იმისთვის, რომ ფასების ზრდას ხელი შეუშალოს, თითქმის ამოწურულია.
მონეტარული განაკვეთი ისედაც მაღალ დონეზეა და მისი შემდგომი აწევა ნიშნავს, რომ ეკონომიკას ფულადი ანემია (სისხლნაკლულობა) გავუძლიეროთ და ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო შევანელოთ. ვფიქრობ, უნდა ვიზრუნოთ, რომ ინფლაციაზე მაღალი იყოს ეკონომიური ზრდის მაჩვენებელი.
ვერც ჩვენთან და ვერც მსოფლიოში ვერსად იქნება გარანტია, რომ ფასები არ გაიზრდება, მაგრამ გავიმეორებ – გააჩნია ზომას. დაბალი ინფლაცია მისაღებია და ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს არა ინფლაციის საბოლოოდ დათრგუნვაზე, დეფლაციაზე, არამედ მის ზომიერ ჩარჩოებში მოქცევაზე. საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი პოტენციალით, მისი რესურსე­ბის გათვალისწინებითა და იმ პერსპექტივით­, რაც არსებობს ჩვენს ეკონომიკაში, დაახ­ლოებით 5-6%-იანი ინფლაციის მიღწევა­ შესაძლებელია. ამას სჭირდება სათანადო ძალისხმევა. რა თქმა უნდა, საამისოდ ხელსაყრელ ვითარებას გარე ფაქტორებიც უნდა ქმნიდეს. ბოლო წლებში განხორციელე­ბული ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები, ადამიანთა სწრაფვა, თავიანთი შრომით შექმნან დოვლათი, აჩენს მოლოდინს, რომ ქვეყანას აქვს განვითარების საკმარისი რესურსი; მას შეუძლია თანდათან დასძლიოს არა მარტო მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი, არამედ ეკონომიკური ჩამორჩენაც. ჩვენ ვემზადებით ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გასაკეთებლად და ამას სჭირდება სიმშვიდე და მუხლჩაუხრელი შრომა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში წლიური ინფლაცია თითქმის 13%-ია. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, სადაც ყველაზე მეტად, 43%-ით გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული. მას მოსდევს ზეთი და ცხიმი (+31,6%) და პური და პურპროდუქტები (+19,4%).

წლის განმავლობაში ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19,6%-ით, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის და აირის ჯგუფში – 11,9%-ით და ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში – 8,4%-ით.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share