კოვიდისა და პოლიტიკური არასტაბილურობის პარალელურად, ეკონომიკურადაც გვიწევს “წელის გაწვრილება”. ქამრის შემოჭერას ვინ ჩივის, ფასები უკვე მწარედ იკბინება. სამომხმარებლო კალათაში განსაზღვრული 305 დასახელების პროდუქტიდან 271-ის ფასი გაიზარდა. მათგან 139-ის ზრდის პროცენტული მაჩვენებელი ორნიშნაა, ორის – სამნიშნა.
ეროვნული ბანკის რესურსი იმისთვის, რომ ფასების ზრდას ხელი შეუშალოს, თითქმის ამოწურულია.
მონეტარული განაკვეთი ისედაც მაღალ დონეზეა და მისი შემდგომი აწევა ნიშნავს, რომ ეკონომიკას ფულადი ანემია (სისხლნაკლულობა) გავუძლიეროთ და ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო შევანელოთ. ვფიქრობ, უნდა ვიზრუნოთ, რომ ინფლაციაზე მაღალი იყოს ეკონომიური ზრდის მაჩვენებელი.
ვერც ჩვენთან და ვერც მსოფლიოში ვერსად იქნება გარანტია, რომ ფასები არ გაიზრდება, მაგრამ გავიმეორებ – გააჩნია ზომას. დაბალი ინფლაცია მისაღებია და ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს არა ინფლაციის საბოლოოდ დათრგუნვაზე, დეფლაციაზე, არამედ მის ზომიერ ჩარჩოებში მოქცევაზე. საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი პოტენციალით, მისი რესურსების გათვალისწინებითა და იმ პერსპექტივით, რაც არსებობს ჩვენს ეკონომიკაში, დაახლოებით 5-6%-იანი ინფლაციის მიღწევა შესაძლებელია. ამას სჭირდება სათანადო ძალისხმევა. რა თქმა უნდა, საამისოდ ხელსაყრელ ვითარებას გარე ფაქტორებიც უნდა ქმნიდეს. ბოლო წლებში განხორციელებული ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები, ადამიანთა სწრაფვა, თავიანთი შრომით შექმნან დოვლათი, აჩენს მოლოდინს, რომ ქვეყანას აქვს განვითარების საკმარისი რესურსი; მას შეუძლია თანდათან დასძლიოს არა მარტო მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი, არამედ ეკონომიკური ჩამორჩენაც. ჩვენ ვემზადებით ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გასაკეთებლად და ამას სჭირდება სიმშვიდე და მუხლჩაუხრელი შრომა.
წლის განმავლობაში ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19,6%-ით, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის და აირის ჯგუფში – 11,9%-ით და ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში – 8,4%-ით.
კვირის პალიტრა