გურულებს მიაჩნიათ, რომ ჭინკის დატყვევება შესაძლებელია, არსებობს ერთი გადმოცემა, რომლის მიხედვითაც ერთ აზნაურს ღამით ცხენით მგზავრობისას მამალი ჭინკა უკნიდან ცხენზე შემოახტა, აზნაურმა უმალვე ჭინკას ხელი წაავლო და ქამრით წელზე მიიბა, მივიდა თუ არა სახლში ჭინკა ცარიელ ჭურში ჩააგდო და ჭურის თავიც კარგად დაუგმანა.
დიდხანს ყავდა გურულ აზნაურს ჭინკა დატყვევებული, ბოლოს ჭინკამ ხვეწნა დაუწყო გამათავისუფლეო და დავიფიცებ, რომ არც შენ და არც არცერთ შენს ახლობელს არაფერს არ ვავნებო, ასევე ჩამოთვალა ყველაფერი რაც ებადა აზნაურს და უთხრა, რომ არასდროს არ დაუზიანებდა არანაირ სიკეთესა და ქონებას, მხოლოდ ცეცხლზე არ უთქვამს არაფერი, რაც ასევე ჭინკის დამტყვევებელ აზნაურსაც გამორჩენია.
ფიცის დადების შემდეგ ჭინკა აზნაურმა გაანთავისუფლა, მოშორდა თუ არა იგი სახლს მობრუნდა და დაუძახა მის დამტყვევებელს: „ყოველ კალანდას ცეცხლი გიქრებოდეს!“ ამის შემდეგ აზნაურისა და მისი შთამომავლობის ოჯახებში ახალ წელს ცეცხლს ვერ ანთებენ და სხვა დღეებში კი ძალიან ძნელია ცეცხლის დანთება.
კავკასიის ადგილთა და ტომების აღწერის მასალათა კრებული (1893 წელი) – ავტორი ტ. მამალაძე
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა