დღეს, ოზურგეთის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ ისევ, უკვე მესამედ ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი, დავით დარჩია აირჩიეს. მისი პირველი მოადგილე ლავრენტი ბიგვავა გახდა, რომელსაც თავმჯდომარის პოზიციაზე მოიაზრებდნენ, თუმცა როგორც ჩანს, ის საბოლოოდ პირველი მოადგილის პოზიციას დათანხმდა, ან დაითანხმეს. დარჩიას კიდევ ორი მოადგილე ეყოლება, თავისთავად უმრავლესობის წევრები; ნათია გოლიაძე და ტარიელ აროშიძე.
ოზურგეთის საკრებულოს პირველ სხდომაზე ასევე მუდმივმოქმედი 5 კომისიის თავმჯდომარე აირჩიეს.
უმრავლესობის გადაწყვეტილებით, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ქეთევან ხომერიკი უხელმძღვანელებს;
აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარედ დავით ჭაკნელიძე აირჩიეს;
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარედ გელა ჩავლეშვილი იქნა არჩეული;
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას ბექა თოიძე უხელმძღვანელებს;
სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ საკრებულოს წევრებმა პაატა კიღურაძე აირჩიეს.
ოზურგეთის საკრებულოში სამი ფრაქცია შეიქმნა.
ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” -ს თავმჯდომარედ , რომელიც 30 წევრს აერთიანებს, მარიკა ჩხიკვიშვილი აირჩიეს.
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” -ს 11 წევრით -დავით მჟავანაძე გაუწევს თავმჯდომარეობას;
ფრაქციის “ოზურგეთი საქართვლოსთვის”, ოთხი წევრით, თავმჯდომარე ალეკო ბურჭულაძე გახდა.
ოზურგეთის საკრებულოში 45 წევრია. ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა კი დღეს გაიმართა.
სხდომამ ხმაურისა და სიტყვიერი ს დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია, რომელმაც ენმ-ის ადგილობრივი ლიდერი, დავით მჟავანაძე ძალის გამოყენებით გაიყვანა დარბაზიდან. ოპოზიციის დაკავებული ლიდერი ფოთის იზოლატორში გადაიყვანეს. მას გამოძიება პოლიციისათვის გაწეულ წინააღმდეგობას ედავება.