დღეს, 9 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერისა და „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი ლიდერის დაბადების დღეა. ზურაბ ჟვანია 58 წლის გახდებოდა.
1963 წლის 9 დეკემბერს, ზამთრის ერთ სუსხიან დღეს ჟვანიების ოჯახში ბიჭი დაიბადა. მაშინ, წლების წინ, ალბათ არავის ეგონა, რომ ეს ბიჭი ბევრს გააკვირვებდა და ბევრსაც გააოცებდა თავისივე გადადგმული ნაბიჯებით.
„მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი“ – ამ დევიზით დაიწყო ზურაბ ჟვანიამ თავისი მოღვაწეობა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში და შეძლო კიდეც მნიშვნელოვანი ძვრები მოეხდინა იმდროინდელ, პოსტსაჭოთა საქართველოში.
მანამდე კი, 1985 წელს, ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, ცნობილი მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა „საქართველოს მწვანეები“. ასოციაციის თავმდჯომარედაც თავად ის, ზურაბ ჟვანია აირჩიეს. ზურაბის ცხოვრებაში ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
1992 წელს, ჟვანია უკვე ევროპელ ,,მწვანეთა” პირველი თანათავმჯდომარე იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.
1993 წელს, „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ გენერალურ მდივნად აირჩიეს, მოგვიანებით კი, 1995 წელს, ზურაბ ჟვანია საქართველოს პარლამენტის თავმდჯდომარე პოსტი დაიკავა ( 1995-1999 წლები).
სწორედ ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობის პერიოდში შეძლო საქართველოს პარლამენტმა და პირველმა შექმნა პოსტსაბჭოურ სივრცეში სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებულია დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში.
მას ასევე, უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი, ძლიერი და გავლენიანი სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მასმედიის ჩამოყალიბებაში.
2001 წლის ნოემბერში, ზურაბ ჟვანიამ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს თავისი სურვილით დატოვა. ამის მიზეზი კი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებული თავდასხმები იყო.
2002 წლის ივლისში, ზურაბ ჟვანიამ, თანამოაზრეებთან ერთად, ჩამოაყალიბა პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“ და დაიწყო ახალი ნაბიჯების ათვლა, რომელმაც ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოუტანა ჩვენს ქვეყანას.
2003 წელს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა.
2005 წლის 3 თებერვალს, ზურაბ ჟვანია გაურკვეველ ვითარებაში, ოფიციალური ცნობით კი, გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით გარდაიცვალა.