“ორივეგან არ შეიძლებაო?” – ვინმემ შეიძლება იკითხოს და მაგალითად ისიც მოიყვანოს, რომ პრეზიდენტები ალიევი და ფაშინიანი ჯერ მოსკოვში, პუტინის თვალწინ შეხვდნენ, დღეს კი ბრიუსლეში ჩვენთვის კარგად ნაცნობი შარლ მიშელის თანდასწრებით ელაპარაკებიან ერთმანეთს. შესაძლოა ივანიშვილიც ამ აზრზეა. რუსეთში დროშას აგზავნის, სხვაგვარად ვერ წამომიდგენია ჩვენი დროშა ასე უკითხავად გამოიყენონ, ხოლო ბრიუსელში “მდივანს”, თუ რა ვიცი როგორც გინდათ ისე მოიხსენიეთ, და ფიქრობს არც მწვადი დაწვას და არც შამფური.
ეშმაკი კი, როგორც ყოველთვის, დეტალებშია. სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც ევროკავშირის მეზობლის როლით კმაყოფილდებიან, არც ასოცირების ხელშეკრულებით უკავშირდებიან ევროპას და არც გაწევრიანების ამბიცია აქვთ მომავალში, გინდა დსთ-ში იყვენ და გინდა კავკასიურ ექვსეულში, ეს ბრიუსელში ნაკლებად აინტერესებთ. თუმცა, საქართველო, რომელიც ასოცირებული ტრიოს წევრია და ამაყად აცხადებს, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გააკეთებს, გამორიცხულია თან სანქცირებულ ირანთან და რუსეთთან რეგიონულ ბლოკში გაერთიანდეს და თან თავისუფალი ევროპის ნაწილი იყოს.
ამიტომაც, თუ საქართველოს ხელისუფლება სასწრაფოდ და ძალიან ხმამაღლა არ იტყვის, რომ იმ გაერთიანებას 3+3 კი არა 3+2 ჰქვია და ქართული დროშის იქ ყოფნის მიუხედავად, ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება, ევროპულ “მწვადს” ნამდვილად დავწვავთ. საქართველო კი, რომელიც უკვე კარგა ხანია ღიად და აშკარად არღვევს ასოცირების ხელშეკრულების სულისკვეთებას, უარს ამბობს ინკლუზიურ, ანუ ოპოზისიათან დიალოგის მომცველ პოლიტიკურ პროცესზე, სასამართლოს რეფორმაზე, მედიასთან ცივილიზებულ ურთიერთობაზე, ნაწილ-ნაწილ, დემონსტრაციულად და შეურაცხმყოფლად არღვევს ბრიუსელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას, ევროპული თანაცხოვრების პრინციპებს მხოლოდ შორდება.
დღეს შეიძლება ომის პირას მყოფი უკრაინის ხათრით ისევ დაგვინდონ, თუმცა ხვალ აუცილებლად გამოგვაძევებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა ჯგუფიდან. რაც იმის მომასწავებელი იქნება, რომ დავრჩებით კავკასიურ ტრიოდ რუსული “შამფურის” ამარა.