დაასრულებს თუ არა ომიკრონი პანდემიას? – გეგეჭკორი

”დაასრულებს თუ არა ომიკრონი პანდემიას?
არასდროს გამიზიარებია საჯაროდ სამედიცინო ინფორმაცია, რომელსაც მყარი და სანდო სამეცნიერო საფუძველი არ აქვს. ჩემს შეხედულებებს სამედიცინო საკითხებზე მხოლოდ პირად საუბრებში ან დახურულ ჯგუფებში გამოვთქვამ ხოლმე.
ამჯერად, ვისარგებლებ საჯარო სივრცით და პირად მოსაზრებას გაგიზიარებთ ზემოთ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით.
დღეისათვის არსებული მწირი მონაცემებით ჩანს, ომიკრონი უსწრაფესი გავრცელებით და შედარებით მსუბუქად მიმდინარე დაავადებით ხასიათხება. ეს ქმნის გარკვეულ ილუზიას, რომ შეიძლება უმოკლეს დროში, ამ შტამით გამოწვეული კოვიდ-19 გადაიტანოს კაცობრიობის უდიდესმა ნაწილმა, ეს საკმარისი აღმოჩნდეს მყარი პოპულაციური იმუნიტეტის შესაქმნელად და ასე გაწყდეს გავრცელების ჯაჭვი.
ეს თეორია მართებული იქნებოდა თუ დავუშვებდით, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ომიკრონი ახალ მუტაციებს არ დააგროვებს და ახალი შტამის წარმოქმნის საფუძველს არ შექმნის.
თუ გავითვალისწინებთ ვირუსების ბუნებას, რაც მეტი მასპინძელი ყავს ვირუსს, და რაც მეტია გამრავლების შესაძლებლობა, მით მეტი მუტაციის წარმოქმნა და გადარჩენა შეუძლია.
აქვე შესაძლებელია მეორე დაშვებაც, ვთქვათ ომიკრონის “სხეულში” წარმოქმნილი მუტაციებით შეიქმნა კიდევ უფრო უსაფრთხო შტამი, რომელსაც დაავადების პრაქტიკულად უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს…
ორივე დაშვება თეორიული ალბათობაა.
თუ ომიკრონი შეძლებს ამ ორი სცენარიდან ერთ-ერთი მაინც, ან ორივე, რეალობად აქციოს შეიძლება ნამდვილად დაასრულოს პანდემია.
თუმცა…
ზუსტად იგივე ალბათობით შეიძლება განვითარდეს სხვა სცენარი. უსწრაფესი გავრცელების პირობებში ომიკრონს ეყოლება უამრავი მასპინძელი სხეული, ექნება გამრავლების საუკეთესო პირობები, გამრავლებისას გაგრძელებს ტრადიციას და ახალ მუტაციებს მოუყრის თავს. საკმარისი რაოდენობით მუტაციები კი ახალ შტამს წარმოქმნიან. ვისთვის იქნება სასარგებლო ახალი მუტაციები, ვირუსისთვის თუ კაცობრიობისთვის, ეს უკვე ალბათობაა, რომლის ზუსტ პროგნოზად ქცევა დღეს არსებული ტექნოლოგიური საშუალებებით და სამეცნიერო ცოდნით შეუძლებელია.
ორივე სცენარის თეორიული დაშვებაა და შესაბამისად მათი განვითარების ალბათობაც თანაბარია.
დაასრულებს თუ არა ომიკრონი პანდემიას? – ჩემი აზრით, დღეისათვის დაგროვილი ცოდნით და ტექნოლოგიური საშუალებებით ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია.
თავს გაუფრთხილდით.
P.S. მთელი ეს პოსტი ჩემი პირადი შეხედულებაა და მტკიცებულებებს ნუ მომთხოვთ. უბრალოდ თავს უფლება მივეცი, ერთხელ, ჩემი თეორიული სპეკულაციები გაგიზიაროთ.”

ამის შესახებ ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share