“სანტა-კლაუსი” და საბჭოთა “დედ მოროზი” – მსგავსებები და განსხვავებები

“სანტა-კლაუსის” და “დედ მოროზის” შედარებითი დახასიათება:

“სანტა-კლაუსი”

სანტა-კლაუსის სახელი დაკავშირებულია წმ. ნიკოლოზის სახელთან. სწორედ ამ წმინდანის ხსენების დღეს (ძვ. სტილით 6 დეკემბერი), მისი სახელით, განსაკუთრებით გერმანულენოვან სამყაროში, ბავშვებს საჩუქრები ურიგდებოდათ. 15-ე საუკუნის ბოლოს ეს ტრადიცია 24 დეკემბერს, შობის წინა დღეს გადმოიტანეს. სანტა-კლაუსი ჰოლანდიური წარმოშობის სიტყვაა და 1650 წელს სწორედ ჰოლანდიებმა გადაიტანეს ეს ტრადიცია ამერიკის კონტინენტზე. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან ეს ტრადიცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა.

სანტა-კლაუსის ერთგვარი ანალოგია ფრანგული პერ ნოელია, რომელიც 15-ე საუკუნის დასასრულს იღებს სათავეს. ამ პერსონაჟისგან სანტამ საჩუქრების წინდებსა და ფეხსაცმელებში ჩადების რიტუალი მიიღო.

“დედ მოროზი”

რაც შეეხება რუსულ “დედ მოროზს” და მის თანმხლებ “სნეგუროჩკას”, საერთო მოსაზრებებით ამ პერსონაჟთა საბოლოო ფორმირება საბჭოთა ეპოქაში მოხდა.

მართალია, აღმოსავლელ სლავებს ჰყავდათ მითოლოგიაში მსგავსი პერსონაჟი, მაგრამ ის ახალ წელთან არ ასოცირდებოდა.

19-ე საუკუნის 40-იანი წლების რუსეთში იყო მცდელობა, რომ “დედ მოროზის” სახით სანტა-კლაუსის ალტერნატივა შეექმნათ, მაგრამ მცდელობა უშედეგო გამოდგა. უფრო წარმატებული იყო საბჭოთა ხელისუფლება, რომელმაც 1930 წელს ოფიციალურად დაუშვა ახალი წლის აღნიშვნა, საახალწლო ნაძვის ხე და შესაბამისად მისი სიმბოლო “დედ მოროზის” და “სნეგუროჩკას” დამკვიდრება მოახერხა.

“სანტა-კლაუსის” და “დედ მოროზის” შედარება

გარეგნობა

სანტა-კლაუსი საშუალო ასაკის მამაკაცია, საშუალო სიმაღლის, ოდნავ მსუქანი, მხიარული. ხუჭუჭთმიანი, მოკლე თეთრი წვერით.

“დედ მოროზი” ბებერია, მაღალი, გამხდარი და ძლიერი აღნაგობის, მკაცრი გამომეტყველების, მაგრამ კეთილი თვალებით, გრძელი, ხშირი, თეთრი თმითა და წვერით.

ტანსაცმლის ფერი

სანტას ჩაცმულობა თავიდან სხვადასხვა ფერის იყო, მისი წითელ ფერში გამოწყობა Coca-Cola ფართომასშტაბიან სარეკლამო აქციებს უკავშირდება მეოცე საუკუნის დასაწყისში. ტანსაცმლის მორთულობებში თეთრი ფერია გამოყენებული.

“დედ მოროზი” თავიდან ლურჯ, ცისფერ ან ვერცხლისფერებში იყო გამოწყობილი, თუმცა, კომუნისტურ ეპოქაში ნელ-ნელა შემოვიდა წითელი ფერის ჩასაცმელიც, მაგრამ “დედ მოროზი” არც ტრადიციულ ფერებზე ამბიბს უარს. სანტას მსგავსად მის მორთულობებშიც თეთრი ფერი სჭარბობს.

ტანსაცმელი

სანტას ახურავს წვეტიანი ჩაჩის მსგავსი ქუდი, ბოლოში ბურთით. აცვია მოკლე ქურთუკი და მუხლებამდე შარვალი. უკეთია თეთრი ხელთათმანები, ვიწრო ბალთიანი ქამარი. ფეხზე ტყავის ჩექმები აცვია, ხშირად სათვალით არის გამოსახული, ხოლო ხელში კათოლიკური ეპისკოპოსის მსგავსი კვერთხი შეიძლება ეჭიროს.

“დედ მოროზს” კლასიკური რუსი ბოიარის ტანსაცმელი აცვია – ბოიარის ქუდი, გრძელი ქურქი. რომლის შიგნითაც არ ჩანს სხვა ჩასაცმელი. უკეთია სქელი ქამარი, ე.წ. ცალთითა ხელთათმანი, ფეხზე აცვია რუსული “ვალინკები”, არ ატარებს სათვალეს ხელში გრძელი თავისზე მაღალი კვერთხი უჭირავს.

ტრანსპორტი და საჩუქრების დარიგების წესი

სანტა ძირითადად ჰაერში მოგზაურობს. ირმებშებმული მარხილით, სახლში ჩადის ღამე ბუხრიდან და მძინარე ბავშვებს საჩუქრებს წინდებში ან ფეხსაცმელებში აწყობს.

“დედ მოროზი” მიწაზე გადაადგილდება, მარხილში შებმული სამი ცხენით, კარებზე აკაკუნებს და საჩუქრებს პირადად გადასცემს ბავშვებს.

თანმხლები პირები

სანტა ხშირად მარტოა, თუმცა, ხანდახან ჩნდება მისის კლაუსი, ხოლო საჩუქრების დარიგებაში გნომები და ელფები ეხმარებიან.

“დედ მოროზს” მუდამ თან დაჰყვება ლამაზი “სნეგუროჩკა”, რომელიც მისი შვილიშვილია.

newposts

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share