სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აღმოაჩინეს ისტორიული არტეფაქტი, დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის ისტორიული მონეტა.
უწყების ცნობით, მონეტის ავთენტურობის დასადგენად ჩატარდა საექსპერტო კვლევა, რომელშიც ჩართულები იყვნენ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერები.
“ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად დადგინდა, რომ სპილენძისგან დამზადებული მონეტა მოჭრილია დავით მეოთხე აღმაშენებლის მიერ და არის ორიგინალი. მონეტა არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულების და მიეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მონეტის საბაზრო ღირებულება – შეუფასებელია.
დღემდე, მსოფლიო ისტორია იცნობდა საქართველოს მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილ ერთადერთ უნიკალურ მონეტას, რომელიც დიდი ბრიტანეთის მუზეუმში, კერძოდ ლონდონშია დაცული”,– აცხადებს სუს-ი.
მათივე განმარტებით, ამოღებულ არტეფაქტებს შორის ასევე არის 12 ერთეული ბეჭედი, ბრინჯაოს გულსაკიდი ზანზალაკი, 6 ერთეული ორიგინალი ღილი, სხვადასვა პერიოდის მონეტა, აღნიშნული მონეტებიდან 3 ნივთი წარმოადგენს საბჭოთა პერიოდს (XX ს), 3 მონეტა თარიღდება XIII საუკუნით.
გარდა ამისა, ნაპოვნია XIII საუკუნით დათარიღებული მონეტები, კერძოდ მონღოლური წარმოშობის ვერცხლის მონეტა, ზედწერილით- „დიდი მონღოლი ულუს ბეგი“, ასევე სპილენძის მონეტა რუმის სელჩუკი, რომლის ერთ მხარეს შემორჩენილია არაბული ზედწერილის ფრაგმენტი.
სუს-ის განცხადებით, გამოძიება გრძელდება, აღნიშნული არტეფაქტები კი გადაეცემა ეროვნულ მუზეუმს.