აქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის, ივერი მელაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში მისი სამსახური გააუქმეს.
“მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტია, იქ წამოიწყეს, რეორგანიზაცია ჩაატარეს, ასე ვთქვათ, ჩემი სამსახური იყო შიგნით, ასე ჰქვია – მიწის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახური. ეს სასაზღვრო ურთიერთობის სამსახური გააუქმეს.
ამას ახლა სად გადაიტანენ, როგორ გადაიტანენ, რანაირად გადაიტანენ, არ ვიცი, რას აპირებენ და საერთოდ რა აქვთ მოფიქრებული. იმას ვუკავშირებ, რაც ხდება ქვეყანაში, რაც ჩემ გარშემოა, მეტს არაფერს. ერთი ხელით ნაწერია ყველაფერი ეს, უბრალოდ შემსრულებელია ბევრი სხვადასხვა”. – თქვა ივერი მელაშვილმა მთავარ არხთან საუბრისას.
ტაბულა დამატებითი დეტალების გასარკვევად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.
პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად “უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება” ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
20 აპრილს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე GDI-მ სტრასბურგში გაგზავნა.