დღეიდან ამოქმედდა ელექტროენერგიის მრიცხველის ახალი წაკითხვის მეთოდი, რომლის კანონიც ძალაში 1 იანვარს შევიდა. ეს არის სემეკ-ის გადაწყვეტილება და თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემის დანერგვა გახლავთ.
იანვრიდან თბილისის ყველა აბონენტის მრიცხველის წაკითხვას, კომპანია თელასი, ყოველი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მოახდენს.
ხოლო ელექტროენერგიის ქვითარს, მოსახლეობა ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. შესაბამისად ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
ამასთან, წესდება გადახდის საშეღავათო პერიოდი, რომლითაც ისარგებლებენ პენსიის მიმღები პირები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები და მრავალშვილიანი ოჯახები. ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ, ხოლო სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ყოველი თვის 22 რიცხვამდე შეძლებენ.
აღნიშნული ცვლილების შედეგად, მოსახლეობის ამ ჯგუფებისთვის, ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადა, პენსიისა და სოციალური დახმარების მიღების ვადებზე იქნება მორგებული.
https://cnews.ge/