1926 წელს ოზურგეთის მაშინდელი “უფლებამოსილი თავის” ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ოზურგეთელებისათვის საყვარელი ცაცხვი მოუჭრიათ, რასაც ოზურგეთლების დიდი აღშფოთება მოყოლია. იმავე წელს პრესაში გამოქვეყნდა ლექსი, რომლის შინაარსი ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა და სხვა ყველაფერთან ერთად ასახავს მაშინდელი ოზურგეთის საზოგადოების “რისხვას” – მათთვის უკითხავად ქალაქისათვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის “გადაწყვეტის” გამო.
–
აწ აღარ არის ჩვენი ცაცხვი, ცაცხვი მშვენება
ვინც იგი მოჭრა წყევლა, კრულვა და შეჩვენება
ცაცხვის არ დარჩა არც სურათი, ასლი, დედანი. . .
დაქვრივ დაობლდა ოზურგეთი და მოედანი.
ო, ჯალათებო. ეს რა ჰქენით თუ იცით თქვენა?!
ვის მოგაყენათ ამ ცაცხვმა ზიანი, წყენა?
რად დაივიწყეთ, უმადურნო, როცა მის ძირად
შეყვარებულთა პაემანი თქვენ გქონდათ ხშირად?!
მისი მოჭრა ხომ თვით თქვენთვისაც იყო ზიანი?
– მაგრამ, რეგვენნო, თქვენ არ ხართ ადამიანი.
დღეს მას დავტირით ოზურგეთში დიდი პატარა
ქალ-ვაჟთა წყვილი, რომ ცაცხვის ქვეშ „დრო გაატარა“
არვინ უწყის: თვითონ გაჩნდი თუ სხვამ დაგრგო
ეს უვიცობა გვაპატიე შენ ჩვენო კარგო. . .
აწ კი მოვიწვევთ ფილოსოფოსთ და პროფესორებს,
მათ შორის ერთი ამ ნაკლს მაინც გამოასწორებს.
გვეცოდინება შენი საქმე და ისტორია;
წიგნი გამოვა შენზე ალბათ ტომი ორია.
მუხანათურად მოგისაჯეს მოჭრა-დაპობა
არ გაუმართავთ საბჭოშიც კი კამათი , ბჭობა!
უკალეგიოდ ერთმა ალბათ ასე ინება. . .
აწ კი ჩენ ვიცით მისი მტრობა, მისი გინება.
ყოველთვის იყავ ქველმომქმედი, საწყალთ შემბრალე. . .
ცივი თეატრი შენ გაათბე, შენ გენაცვალე. . .
„აწ კი მშვიდობით სამუდამოდ სულის სიმშვიდე“
ჩემი მტერია, – აწ შენ ისევ არ ამოხვიდე.
–
ავტორი – ტოქსინი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა