არასამთავრობო ორგანიზაცია Pure EARTH-Georgia აჭარისა და გურიის მოსახლეობას საცხოვრებელ გარემოში ტყვიის შემცველობის კვლევას სთავაზობს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლების, წყლის, ნიადაგის, საოჯახო ინვენტარის, საყოფაცხოვრებო და ოჯახში არსებული სხვა ტექნიკისა თუ ყოველდღიური სარგებლობის ნივთების კვლევა სრულიად უსასყიდლოდ Pure Earth-Georgia -ის პროექტის ფარგლებში – “დავიცვათ თითოეული ბავშვის შესაძლებლობები” – ჩატარდება.
დაინტერესების შემთხვევაში, მოსახელობას შეუძლია დაუკავშირდეს Pure EARTH-Georgia-ს საქართველოს ოფისს და დააფიქსიროს სურვილი, რომ სურს საცხოვრებელი გარემოს გამოკვლევა ტყვიის შემცველობაზე. ტყვიის ოდენობის განსაზღვრა სპეციალური პორტატული აპარატის მეშვეობით XRF მეთოდით ჩატარდება.
,,როგორც ცნობილია, 2018 წელს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დახმარებით ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად მასშტაბური კვლევა ჩატარდა. კვლევის მიხედვით, 2-7 წლის 1 578 მოზარდებში სისხლში ტყვიის გადაჭარბებული დოზა ბავშვების 41%-ს დაუფიქსირდა. გასაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა აჭარის რეგიონში გამოვლინდა. პროცენტული გაანგარიშებით აჭარაში ბავშვების 85%-ს აღმოანდა სისხლში მომატებული ტყვიის შემცველობა.
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილია, რომ ადამიანის ორგანიზმისთვის ტყვიის უსაფრთხო ნორმა არ არსებობს! ადამიანის ორგანიზმში ტყვიის მომატებული დოზა სხვადასხვა მძიმე დაავადების მიზეზია. ამ მხრივ, განსაკუთრებით რისკის ქვეშ მოზარდები არიან, ამიტომაც, მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.