ავსტრიაში, მარტის შუა რიცხვებიდან აუცრელ მოქალაქეებს ჯარიმას დაუწესებენ, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა.
მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვიან, ჯარიმის სახით 3 600 ევროს გადახდა მოუწევთ. კანონი გავრცელდება ქვეყანაში მცხოვრებ ყველა სრულწლოვან ადამიანზე და გამონაკლისი შეეხებათ მხოლოდ მათ, ვინც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ იცრება.
პირველ ეტაპზე არავაქცინირებულები წერილობით შეტყობინებას მიიღებენ, მარტის შუა რიცხვებიდან კი პოლიცია და ოფიციალური სამსახურები დაიწყებენ ვაქცინის სტატუსის შემოწმებას და ჯარიმების დაწესებას. ჯარიმა შეიძლება გაუქმდეს იმ შემთხვევაში, თუ პირი 2 კვირის განმავლობაში აიცრება.
მიღებული გადაწყვეტილება დედაქალაქ ვენის ქუჩებში 20 000-ზე მეტმა მოქალაქემ გააპროტესტა.
გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ავსტრიაში მოსახლეობის 75%-მდე სრულადაა ვაქცინირებული.