“აუცილებლად მიმაჩნია, ხელისუფლების აქტიური გამოხმაურება და სწრაფი რეაქცია მიმდინარე პროცესებზე” – ასე იწყებს “კვირის პლიტრასთან” საუბარს რეჟისორი ლანა ღოღობერიძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოს ხელისუფლების დუმილს, დაუშვებლად მიიჩნევს. რეჟისორის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა საქართველოს მხრიდან ღირსების საკითხია და ამ ორ ქვეყანას საერთო მიზნისთვის ბრძოლა აერთიანებს:
“აუცილებლად მიმაჩნია, ხელისუფლების აქტიური გამოხმაურება და სწრაფი რეაქცია მიმდინარე პროცესებზე. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა მაშინაც, მთელი ეს ამბავი უშუალოდ რომ არ გვეხებოდეს! ეს ხომ ღირებულებათა ომია?! ერთ მხარეს დგას ღირსება, სინათლე, პიროვნების პატივისცემა, კეთილდღეობა, მეორე მხარეს – საბჭოთა ჭაობი, პიროვნების დაჩაგვრა, გაღატაკება, უუფლებობა…
როგორ შეიძლება დემოკრატიისკენ მიდრეკილი ქვეყანა სასწორზე დებდეს ამგვარ, ერთმანეთთან კატეგორიულად დაპირისპირებულ ფასეულობებს?! და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რამ – ქვეყნების ისტორიაში დგება ჟამი, როდესაც საერთო მიზანი ძალიან გამოიკვეთება! თვით ბედისწერა უკარნახებს მას ამ მიზნისთვის გაერთიანებას. დღეს საკუთარ თავსაც და მთელ სამყაროსაც უნდა დავუმტკიცოთ, რომ ჩვენში საერთო ძარღვი არ გამსკდარა! ” – აცხადებს ლანა ღოღობერიძე.