საქართველოში (და თანამედროვე მსოფლიოშიც) ვეღარავის გააკვირვებ სიძულვილის ენით, მაგრამ აქა-იქ, ბევრისთვის მოულოდნელად, ასევე იჩინა თავი დიდი ხნის წინ დავიწყებულმა პანეგირიკმა (საჯაროდ წარმოთქმულმა სახოტბო სიტყვამ), რომლის ენა თუ ტექნიკა, რა გასაკვირია, რომ ყველაზე უკეთ კულტურის სფეროს მუშაკებმა აითვისეს.
სინამდვილეში არაფერი მოულოდნელი და გასაკვირი არ ხდება. ჯერ კიდევ აკაკი ბაქრაძემ შენიშნა თავის „მწერლობის მოთვინიერებაში“, რომ კულტურის სფეროს პარტიულობის პრინციპი ავტომატურად ითხოვს როგორც სიძულვილის ენას, ასევე პანეგირიკულ-პროპაგანდისტულ მეტყველებას.
როცა დღეს საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში მიმდინარე „რეორგანიზაციას“ გასული საუკუნის 30-იანი წლების ე.წ. წმენდას ადარებენ, როცა კულტურის სამინისტროს მიერ ლიტერატურის მუზეუმის შესახებ გამოქვეყნებული განცხადება მავნებელთა მხილებისა და წითელი ტერორის სულისკვეთებას აგონებს ბევრს, იმავე ეპოქისათვის დამახასიათებელი კონფორმიზმითა და ვულგარული პათეტიზმით ნელ-ნელა იჟღინთება „ხელმძღვანელი ამხანაგებისა“ და მათი „ხელქვეითი პირების“ ურთიერთობაც. უკიდეგანო მლიქვნელობაც და სიძულვილის ენაც ხომ იმ ერთი მედლის ორი მხარეა, რომელიც ზემოთაღწერილ გასული საუკუნის 30-იან წლებში მოიჭრა.
როცა „ბატონი ბიძინა“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა ლიდერმა ილიას, ხოლო განათლების მინისტრმა ექვთიმეს შეადარა, როცა მოურიდებლად წარმოითქვა პანეგირიკი: „როდესაც წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, მაშინ ბატონი ბიძინა ახარებდა ვაზს, უფასოდ არიგებდა ნერგებს და მომავალ თაობებს უნარჩუნებდა მემკვიდრეობასო”, – ბევრმა იფიქრა, რომ ცალკეული სახელმწიფო მოხელეების თვითშემოქმედება მხოლოდ იმ “ბრძენი კაცისკენ” იყო მიმართული. თუმცა, როცა კულტურის მოქმედ მინისტრს დაბადების დღეზე სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელებმა ზოგმა დითირამბი და ზოგმაც მუხამბაზი უმღერა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართულმა ოცნებამ“, სისტემისთვის მიუღებელ ადამიანებთან საურთიერთო ენის შემდეგ, სისტემის მორჩილი ადამიანებისთვისაც განსაზღვრა სალაპარაკო ენა. ალბათ არ იყო მოულოდნელი კულტურის სფეროში პარტიულობის პრინციპის გაძლიერების ფონზე.
„დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს ქალბატონ თეა წულუკიანს – ღირსეულ მამულიშვილს, გამორჩეულ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, შესანიშნავ პიროვნებას, წარმატებულ მინისტრს. ვუსურვებთ დღეგრძელობას, ბედნიერებას, ჩანაფიქრების ასრულებას“, – ასე მიულოცა დაბადების დღე მინისტრს ერთი თეატრის ხელმძღვანელმა. უფრო ადრე კი, ერთი მუზეუმის დირექტორმა ევგენი შვარცის პიესის, „შიშველის მეფის“ პერსონაჟის „მოურიდებელი პირდაპირობით“ მიახალა მას, ძალიან მწყდება გული თქვენზე… რატომ ჩემს ახალგაზრდობაში არ იყავით მინისტრი, რომ უფრო მეტი საქმე გვეკეთებინაო.
ორივე ამბავი – თუ რა ფორმით უშვებენ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან თანამშრომლებს და როგორ უმღერიან ოსანას მოქმედ მინისტრს მასზე კარიერულად დამოკიდებული ადამიანები – არაკეთილსაიმედო დიაგნოზის დასმის საფუძველს იძლევა. ამასთან, აშკარაა, თუ არაფერი შეიცვლება, „ავადმყოფობა“, დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო მწვავედ იჩენს თავს და კონფორმიზმსა თუ პათეტიზმზე მოთხოვნაც ერთიორად გაიზრდება.
რადიო თავისუფლება