გურული სოლო კორნეტისტი ლუარსაბ კეშელავა – გურიის მუსიკალური ამხანაგობის ორკესტრი და ქორო

გურიის ამხანაგობის მუსიკალური ორკესტრი და ქორო მე-19 საუკუნის ბოლოს შეიქმნა, მას ხელმძღვანელობდა ლუარსაბ კეშელვა, რომელიც ამასთანავე სოლო კორნეტისტი გახლდათ.
გურიის ორკესტრთან დაკავშირებით არქივში მივაგენი აფიშას, რომლის მიხედვით ორკესტრი მართავდა კონცერტს ტაგანროგში 1891 წლის 17 სექტემბერს, აფიშის მიხედვით ქორო უკვე საკმაოდ ცნობილი ყოფილა, მის რეპერტუარში არის მუსიკა, სიმღერები და ცეკვები, ანსამბლი კონცერტებს მართავს გურულ ნაციონალურ ტანსაცმელში.
გაზეთ ივერიაში (1892 წელი #78) გამოქვეყნებულია კივიდან ლუარსაბ კეშელავას მიერ 1892 წლის 17 მარტს გამოგზავნილი წერილი, რომლის მიხედვითაც გურიის ამხანაგობის წევრები აგზავნიან ფულს წინამძღვრიანთკარისა დაქობულეთის სკოლებისათვის დასახმარებლად. ამავე წერილში არის ორკესტრის წევრების ჩამონათვალი – ლუარსაბ კეშელევა, ანტონ კეშელავა, მიხეილ კვაჭანტირაძე, ივლიანე კვაჭანტირაძე, პეტრე ნაჭყებია, ივანე ბერძენიშვილი, დარისპან მამეიშვილი, ამბაკო ბარამიძე, ლავრენტი ჯახვა, იოსებ ზუმბაძე, ერასტი ნაჭყებია, ანტონ ტორჩინავა, სოლომონ მარტირუზიაშვილი.
ჟურნალი “მოგზაური” 1901 წელს წერდა – „გურულთ თავიანთი საკუთარი მემუსიკენიცა ჰყავთ, რომელნიც მთელს რუსეთში და თითქმის ევროპაშიც მიდიან და თავიანთ ნიჭს აცნობებენ უცხო ხალხს და აკვირვებენ კიდეცა.“
რამდნიმე თვის წინ გამოვაქვეყნე ქალბატონ მანანა ლომაძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გურიის სასულე ორკესტრთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ორკესტრის წევრები და შემდგომში ხელმძღვანელები გახლდნენ თბილისისდან ოზურგეთში დაბრუნებული ჯარისპან მამეიშვილი და მიხეილ კვაჭანტირაძე. ორივე მათგანი თბილისის ოპერის თეატრში სწავლობდა სასულე ინსტრუმენტებზე. ორკესტრს თავდაპირველად ინსტრუმენტები არ ჰქონდა და ოზურგეთში მდგარი რუსული სამხედრო ნაწილიდან თხოულობდნენ.
ორკესტრს ძალიან წყალობდა გენერალი ივანე დუმბაძე, რომელმაც გურული მუსიკოსები მიიწვია ნოვოროსიისკში იმპერატორ ნიკოლზ მეორის დასახვედრად. ნოვოროსიისკის პორტში გემიდან გადმოსული იმპერატორი გაოცებული უყურებდა ჩაქურებში გამოწყობილ ორკესტს და უკითხავს გენერალისათვის ვინ არის ეს ხალხი და საიდან არიანო, დუმბაძეს უპასუხნია – ჩემი ,,ზემლიაკები,, ანუ გურულები გახლავთო. იმპერატორს მოსწონებია გურულების დახვედრა და ყველა მათგანი დაუჯილდოვებია.
გურული მუსიკოსები მიწვეულნი იყვნენ შვეიცარიასა და ავსტრიაში, ორკესტრის ავსტრიაში ყოფნისას ერთი ასეთი ფაქტი მომხდარა – ვენაში ყოველ კვირა დღეს ქალაქის ბაღში მოწყობილ სცენაზე უკრავდა ვენის სასულე ორკესტრი. ერთერთი ასეთი საკვირაო კონცერტის დასრულებისას, იქვე მყოფმა ჩაქურაში გამოწყობილმა გურულმა მუსიკოსებმა მოულოდნელად იგივე მელოდია დაუკრეს, რასაც ვენის ორკესტრი უკრავდა. ამის შემყურე გაოცებული ავსტრიელები შემოეხვევია ორკესტრის მუსიკოსებს და დიდხანს ეკითხებოდნენ ვინ იყვნენ და საიდან ჩამოვიდნენ.
აფიშა – ტაგანროგის სახელმწიფო ლიტერატურული და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ექსპონატი.
პირველ ფოტოზე – ოზურგეთის სასულე ორკესტრი 1905 წელი, შუაში ჯარისპან მამეიშვილი და მიხეილ კვაჭანტირაძე;
მეორე ფოტო – ოზურგეთის სასულე ორკესტრი 1907-08 წელი; მაჯვნიდან მეორე ჯარისპან მამეიშვილი;
ხარიტონ ჩხატარაშვილი და 3 სხვა
მომწონს

კომენტარის დატოვება
გაზიარება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share