2021 წელს საქართველოში 163 ადამიანი დაიკარგა, მათგან 112 იპოვეს, 51 კი კვლავ იძებნება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სტატისტიკაშია ასახული.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დაკარგულებს შორისაა საქართველოს 159, აზერბაიჯანის 2 და მოლდოვას 2 მოქალაქე.
უგზო-უკვლოდ დაკარგული საქართველოს 159 მოქალაქიდან, 12 გარდაცვლილი იპოვეს. ამასთან, გასულ წელს, საქართველოში, მოლდოვას 2 მოქალაქე დაიკარგა და 2-ვე გარდაცვლილი იპოვეს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2021 წელს ქვეყანაში 42 არასრულწლოვანი დაიკარგა, მათ შორის 6 კვლავ იძებნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სამძებრო საქმეების სტატისტიკაში ასახულია, რომ 1973 წლიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით, ქვეყანაში, ჯამში, 6 260 ადამიანი დაიკარგა, მათან 5 261 იპოვეს, 999 კი კვლავ დაკარგულად ითვლება.
interpressnews.ge