პროექტი „გურიის ეროვნული პარკის დაფუძნება“
მცირე გრანტების კონკურსი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამიზნე სოფლებისთვის
გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით ახორციელებს პროექტს „გურიის ეროვნული პარკის დაარსებისთვის“.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ცხადდება მცირე გრანტების კონკურსი. მცირე გრანტების კონკურსს ადმინისტრირებას გაუწევს „ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი“ რომელიც 1995 წლიდან აქტიურად არის ჩართული გურიის რეგიონის განვითარებაში.
მცირე გრანტების პროგრამის მიმართულებები
მცირე პროექტების პროგრამა ხელს შეუწყობს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია სოფელში (სამეზობლოებში) არსებული პრობლემების გამოვლენა გადაჭრაზე, თემის ეკონომიკურ გაძლიერებაზე. მაგალითად: თემებში არსებული ინფრასტრუქტურების (საბავშვო ბაღები, სკოლა, ამბულატორია, მუზეუმი) და საჯარო სივრცეების კეთილმოწყობა, გარემოსდაცვა, ტურიზმის განვითარება, მდინარის ადიდებით გამოწვეული პრობლემების მოგვარება, უნიკალური წყაროების ან/და ადგილების გამოვლენა/დაფიქსირება, თემების წევრების ეკონომიკური გაძლიერება კოოპერაციით და სხვა.
კონკურსში მონაწილეობაზე უფლებამოსილი პირები ან ორგანიზაციები
მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობის ძირითადი პირობაა საგრანტო აქტივობების განხორციელება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ თემებში: ლიხაური, მაკვანეთი, შემოქმედი, ცხემლისხიდი, ვაკიჯვარი, მთისპირი.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აღნიშნულ თემებში არსებულ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებს, კოოპერატივებს ან საინიციატივო ჯგუფებს.
მცირე გრანტები არ გაიცემა კერძო ინვესტიციებსა თუ ბიზნეს ორგანიზაციებზე.
პროექტების ხანგრძლივობა და ბიუჯეტი
მთლიანი საგრანტო ფონდი შეადგენს 24000 ევროს შესაბამის თანხას ლარებში.
სულ დაგეგმილია მინიმუმ 6 გრანტის გაცემა. თითოეულ თემში დაფინანსდება მინიმუმ 1 პროექტი.
წარმოდგენილი პროექტების განხორციელების მინიმალური ვადაა 1 თვე და მაქსიმალური 6 თვე. ბიუჯეტის ზედა ზღვარია 4000 ევროს ეკვივალენტი ლარებში.
შერჩევის პროცესი
ობიექტური და არადისკრიმინაციული შერჩევის პროცესის უზრუნველსაყოფად პროექტებს განიხილავს საგრანტო საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისგან: „ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი“ – 1 წარმომადგენელი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის – 1 წარმომადგენელი, პროექტის სამუშაო ჯგუფის 1 წარმომადგენელი; თემის 2 წარმომადგენელი რომელთა არჩევა მოხდება თავად სოფლის წარმომადგენლების მიერ, კონკურსის ჩატარების დღეს.
საგრანტო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდება პროექტის შერჩევის კრიტერიუმებზე დაყრდნობით. შედეგების გამოცხადება მოხდება საჯაროდ, სამიზნე სოფელში გამართულ შეხვედრაზე;
შეფასების პროცესში შესაძლოა აპლიკანტებს მოეთხოვოთ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რაც მათ უნდა უზრუნველყონ 5 სამუშაო დღის ვადაში.
შერჩევის კრიტერიუმები
საგრანტო კომისია შეარჩევს ისეთ პროექტებს, რომლებიც შესაბამისობაში მოდის მცირე გრანტების მინიმუმ ერთ მიმართულებასთან.
პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- საპროექტო განაცხადი შესაბამისობა მცირე გრანტების პროგრამის მიმართულებებთან- 5 ქულა
- პრობლემის აღწერის მკაფიოობა და მისი აქტუალურობის დასაბუთება – 10 ქულა
- პროექტის განხორციელების გზები რეალისტურია და პირდაპირ კავშირშია პროექტის ამოცანებთან -15 ქულა
- ბიუჯეტი არის დეტალიზებული და ნათლად არის წარმოდგენილი თითოეული ხარჯის გაანგარიშების საფუძვლები- 10 ქულა
თანხების გამოყენება
პროექტის ფარგლებში შესაძლოა დაიფაროს შემდეგი ტიპის ხარჯები:
- ხელფასები – მთლიანი ბიუჯეტის 10 %;
- ექსპერტების დაქირავების ჰონორარებს;
- პუბლიკაციები, სატრენინგო მასალები;
- კვლევები;
- სატრანსპორტო ხარჯები;
- ცხოვრებისა და სამივლინებო თანხები;
- საკომუნიკაციო და ადმინისტრაციული ხარჯები;
- აღჭურვილობა და საქონელი;
- ტრენინგები და სემინარები;
- სხვა პირდაპირი ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის განხორციელებასთან;
შეზღუდვები და აკრძალული ხარჯები
კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსდება შემდეგი სახის ხარჯები:
- დანაკარგი ან პოტენციური სამომავლო დავალიანებები;
- სტიპენდიები;
- მიწის ან შენობების შესყიდვა;
- საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯები,
- ვალუტის გაცვლისას დანაკარგები;
- საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის გაცემა;
- ავტომობილები;
- აპარატურა რომლის ღირებულება აღემატება 2500 ლარს;
- ადმინისტრაციული ხარჯები, რომლებიც შეადგენს ბიუჯეტის 10% მეტს.
- ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოები;
პროექტის შედეგების შეფასება
პროექტების განხორციელების პროცესში „ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი“ ჩაატარებს რეგულარულ მონიტორინგს. აპლიკანტებმა მიმდინარე რეჟიმში უნდა წარმოადგინონ პროექტის განხორციელების პროგრამული და ფინანსური ანგარიშები.
აპლიკაციის გაგზავნის პროცედურა
საგრანტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 28 თებერვალი 18:00 საათი.
განაცხადი წარმოდგენილ უნდა იყოს ქართულ ენაზე. აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- საპროექტო წინადადება (თანდართული ფორმის მიხედვით) – 1 ამობეჭდილი ასლი;
- სამუშაოთა დროის განრიგი (დანართი 1-ის მიხედვით) – 1 ამობეჭდილი ასლი;
- ბიუჯეტი (შედგენილი ლარებში, დანართი 2-ის მიხედვით) – 1 ამობეჭდილი ასლი;
- პროექტის გუნდის საკვანძო წევრთა CV-ები – 1 ამობეჭდილი ასლი;
ან ელექტრონული სახით ელ. ფოსტაზე: yscozurgeti@gmail.com:
პროექტის ფორმები შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/GuriaPark ან დაგვიკავშირდით და მოგაწოდებთ ელექტრონული ან ნაბეჭდი სახით ჩვენი ფასილიტატორების მეშვეობით.
საკონსულტაციო შეხვედრები:
„ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი“ ჩაატარებს საკონსულტაციო შეხვედრებს, რათა უზრუნველყოს აპლიკანტებისთვის პროექტების მომზადების პროცესში მაქსიმალური მხარდაჭერა. კონსულტაციები გაიმართება თემების ადმინისტრაციულ შენობებში, შემდეგი გრაფიკით:
8 თებერვალი – ლიხაური, 12.00 საათი;
8 თებერვალი – მაკვანეთი, 14.00 საათი;
8 თებერვალი – შემოქმედი, 16.00 საათი;
9 თებერვალი – ცხემლისხიდი, 12.00 საათი;
9 თებერვალი – ვაკიჯვარი, 14.00 საათი;
9 თებერვალი – მთისპირი 16.00 საათი.
გარდა ამისა „ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლში“ (მის. ოზურგეთი, 26 მაისის ქ. N11ა) 2022 წლის 10 თებერვალს 13:00 საათზე ასევე გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრა;
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ ონლაინ კონსულტაციები სოციალური ქსელის საშუალებით, რომელთა ლინკები გამოქვეყნდება პროექტის საინფორმაციო ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/GuriaPark