ტყეებისა და რეკრეაციული ზონების შემდეგ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნის ცოლის სარგებლობაში უკვე მდინარეც მოხვდა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში მდინარე აჭარის წყალზე კომპანია “დენკა”-მ ინერტული მასალების მოპოვება დაიწყო. კომპანიას საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული ქვეყნების სამმართველოს უფროსის, მიხეილ თიგიშვილის მეუღლე ნარგიზ ჭავჭანიძე ხელმძღვანელობს.
ლიცენზიის მიხედვით, მდინარიდან ინერტული მასალების მოპოვების უფლება კომპანიას 1 წლის განმავლობაში ექნება და დაახლოებით 2 მილიონ 300 000 ლარის მოგებას მიიღებს. კომპანიამ ჯამში 330 000 კუბური მეტრი ინერტული მასალა უნდა ამოიღოს.
ადგილზე კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ “დენკა-მ” ლიცენზია ერთ-ერთი ბათუმური კომპანიისგან “ბომონდისგან” შეისყიდა. “ბომონდი” მმრთველი გუნდის დეპუტატის კომპანიაა, რომელიც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ერთპიროვნულად იმარჯვებს.
წარმომადგენელი ადასტურებს, რომ დირექტორი ნარგიზ ჭავჭანიძეა, თუმცა ამბობს, რომ არ იცის ვისი მეუღლეა ის.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წარმომადგენელი ამბობს, რომ ბუნდოვანია როგორ მოიპოვებენ კომპანიები ლიცენზიებს და არ კონტროლდება როგორ მუშაობენ ისინი.