თავხედი უნდა იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას წამება დაარქვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ამ თემაზე სერიოზულად ვერ ისაუბრებ. „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, რომ საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს სააკაშვილის ფარმაკოლოგიური წამება და არა მხოლოდ. ეს ტერმინი მგონი საქართველოში გაჩნდა პირველად „ნაციონალური მოძრაობის“ შესრულებით. რაც არ უნდა დაადგინონ, როგორც არ უნდა გამოიძიონ, თავხედი უნდა იყო, რომ ამას დაარქვა წამება.
თუნდაც ის კადრები რომ ნახოთ, რომლის გამოქვეყნებასაც სამი დღე სთხოვდნენ იუსტიციის სამინისტროს და შემდეგ აპროტესტებდნენ, როგორ გამოაქვეყნეთო. ცივილიზებული სამყაროს ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც პატიმარი არ ემორჩილება მოთხოვნას, რომ გადაიყვანონ იქ, სადაც შესაბამისი უწყების ადმინისტრაციას სურს მისი გადაყვანა, ეს ხდება იძულების წესით. ამ იძულების ყველაზე რბილ ფორმას თუ ვინმე დაარქმევს ფარმაკოლოგიურ წამებას ან რამე სხვას, ეს ილუზიის რა ხარისხს ქმნის, წარმოიდგინეთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ