ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მენეჯმენტი გურიაში აკრედიტებულ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

2022 წლის 28 იანვარს, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის ოზურგეთის ოფისში, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის ინიციატივით, შეხვედრა გაიმართა პროექტის მენეჯმენტსა და გურიაში აკრედიტებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრის მიზანი იყო, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის  შესახებ ინფორმაციის გაზიარება და არასამთავრობო სექტორის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებების მოსმენა.

შეხვედრაზე არსამთავრობო სექტორს წარმოადგენდნენ გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკო“ და მისი დამფუძნებელი ირმა გორდელაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გურიის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე,  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი და მისი ხელმძღვანელი გრიგოლ მახარაძე დაესწრო. კომპანიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ, კომპანიის დირექტორი მიხეილ ნიბლაძე და ასევე ტექნიკური და გარემოსდაცვითი გუნდის წევრები.

არასამთავრობო სექტორმა მოისმინა დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ. პროექტის მენეჯმენტმა გარემოსდამცველებს პრეზენტაციის ფორმატში წარუდგინა გზშ-ს ანგარიშში 20 დეკემბერს გასაჯაროებული ინფორმაცია, კერძოდ, განიხილეს ყველა ის კვლევა, რომელიც ანგარიშის მომზადების პროცესში ჩატარდა როგორც ქართველი, ასევე სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების მიერ. მხარეებმა იმსჯელეს იმ სოციალურ პროექტებზეც, რაც მოსახლეობასთან რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად შეიმუშავა კომპანიამ.

„ბოლო თვეების მანძილზე 50-ზე მეტი შეხვედრა გავმართეთ და 800-ზე მეტ ადამიანს ვესაუბრეთ. შეხვედრები, პრეზენტაციები და განხილვები ჩვენი სამუშაო რეჟიმის მნიშვნელოვანი შემადგენელია. არც ერთი გადაწყვეტილება არ მიგვიღია დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგის გარეშე. სხვადასხვა შეხვედრის ფარგლებში გურიის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც მუდმივად ვეპატიჟებოდით და ვისმენდით მათ მოსაზრებებსა თუ წუხილებს. დღევანდელი შეხვედრა სპეციალურად არასამთავრობო სექტორთან სასაუბროდ ჩავნიშნეთ. პირველ რიგში, მადლობა მათ, რომ გამონახეს დრო და მიიღეს ჩვენი მოწვევა. ვფიქრობ, ორივე მხარისთვის ფრიად საინტერესო იყო ამ ფორმატში მუშაობა და აზრების გაცვლა-გამოცვლა, მით უფრო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის წინ, რომელიც როგორც მოგეხსენებათ 10 და 11 თებერვალსაა ჩანიშნული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ“ – განაცხადა  ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით მიქელაძემ.

ბახვი 1 ჰიდრელექტროსადგურის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის თარიღად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, 2022 წლის 10 და 11 თებერვალი ჩაინიშნა.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share