ოზურგეთის მერმა სხდომაზე 16 პროექტი წარადგინა – რა იგეგმება ოზურგეთში

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომა გაიმართა, სადაც ავთანდილ თალაკვაძემ 16 პროექტი წარადგინა, რომელთა განხორციელება იწყება, ხოლო ნაწილი უკვე დაწყებულია და დაგეგმილ ვადებში დასრულდება. პროექტები წყალმომარაგების ახალ სისტემებს, საცხოვრისი პირობების გაუმჯობესებას, გზების კაპიტალურ რეაბილიტაციას და სოციალური ინფრასტრუქტურის მშენებლობას ეხება.

„პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, „განახლებული რეგიონების პროგრამის“ ფარგლებში უკვე დავიწყეთ ოზურგეთის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია და სრული რეაბილიტაცია. მალე დასრულდება ყოფილი ფოსტის შენობის იერსახის მოწესრიგება და მიმდინარე წელს განახლდება ადმინისტრაციული შენობის ინფრასტრუქტურა. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული მართვის პროგრამის ფარგლებში ვიწყებთ დოლიძისა და ბოლქვაძის ქუჩების რეკონსტრუქცია და რეაბილიტაციას სოფელ შრომაში ვიწყებთ საბავშვო ბაღის მშენებლობას, შედეგად ბავშვები უსაფრთხო და კეთილმოწყობილ შენობაში მიიღებენ შესაბამის მომსახურებას.

მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, დაბა ურეკში დავიწყეთ 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა. სოფელ ნაგომარში ვიწყებთ ხანძრის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის საბავშვო ბაღის, საექიმო ამბულატორიისა და ადმინისტრაციული ოფისის აღდგენას – ჯამში დაიხარჯება 300 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და 300 000 ლარი იაპონიის მთავრობის გრანტიდან.

პროგრამა „იყავი თანამმართველი“ – დასრულდება დაწყებული პროექტები და ასევე, გამოცხადდება ახალი საკონკურსო იდეების მიღება. შესაბამისი დავალებები უკვე გავეცი და იწყება მუნიციპალიტეტის მასშტაბით ქუჩების სახელდებისა და დამისამართების პროცესი, რომლის დასრულების შედეგად, მოსახლეობას საჯარო სერვისები შეუფერხებლად მიეწოდებათ,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

ოზურგეთის მერის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დასრულდება გზის ინფრასტრუქტურული განახლების სამუშაოები

„ ციხისფერდი-გურიანთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე დაიხარჯება 589 728 ლარი; შეკვეთილის საკურორტო ზონაში გზის რეაბილიტაციაზე ჯამში დაიხარჯება 665 360 ლარი; შეკვეთილის საკურორტო ზონაში (კაპროვანში) გზის რეაბილიტაციას 542 016 ლარი მოხმარდება, ხოლო სოფელ ხვარბეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება 411 720 ლარი.

ასევე, დასრულდება ჯორჯიაშვილი ქუჩის 1 შესახვევის რეაბილიტაცია – 212 380 ლარი. განხორციელდება სოფელი დვაბზუს ცენტრიდან მაგისტრალურ გზასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტი – 701 178 ლარი. დაიწყება ქალაქ ოზურგეთში, ანასეულის უბანში მეცნიერების ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – 1 212 340 ლარი. ტენდერი გამოცხადებულია და მარტის ბოლოს დაიწყება აქტიური სამშენებლო სამუშაოები“. – აღნიშნა თალაკვაძემ.

მერმა ყურადღება წყალმომარაგების მასშტაბურ პროექტებზეც გაამახვილა.

ავთანდილ თაალკვაძის  განცხადებით, ამიერიდან სამუშაო სხდომები და საკითხები, რომელსაც განიხილავენ, ინტერნეტ მედიითაც გადაიცემა და მოქალაქეებს ექნებათ საშუალება თვალი ადევნონ, თუ რა საკითხები გამოდის მერიის სხდომებზე, რა დავალებები გაიცემა და რა იგეგმება ოზურგეთში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share