“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და პარლამენტის წევრმა დავით კირკიტაძემ საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.
სხდომათა დარბაზი კირკიტაძის მეგობრებმა და მხარდამჭერებმაც დატოვეს.
როგორც ბრალდებულმა პარლამენტის წევრმა განაცხადა, “ქართული სასამართლო არ არის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია იპოვოს სამართალი”.
“მინდა თქვენ და საზოგადოებას შევახსენო ფაქტობრივი გარემოებები. მე ვარ ადამიანი, რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყო ეს სისხლის სამართლის საქმე, მე ვარ ადამიანი, რომელმაც პოლიცია საკუთარი ტელეფონიდან გამოიძახა, როცა ჩვენ ოფისს თავს დაესხნენ. მშვიდობიან ადამიანებს თავს დაესხნენ, მე ამ ადამიანებს ვუხდი ბოდიშს, რომ მაშინ მათი ღირსება ვერ დავიცავი. პოლიცია არ გამოცხადდა და მოიმიზეზეს, რომ ოფისი შეეშალათ და სხვაგან წავიდნენ. საზოგადიებას ვაჩვენებთ, როგორ აყენებდნენ იქ პოლიციას შეურაცხყოფას და როგორ წავიდნენ იქიდან, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანები დაეცვათ. მინდა საკრებულოს თითოეულ წევრს ვუთხრა მადლობა, იმისათვის რომ “ქართული ოცნების” შანტაჟს, მოსყიდვას არ დაეთანხმა. აქ “ქართულ ოცნებას” ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა და არჩევნები წააგო. ჩემი საქციელით დავიცავი ღირსება. არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას და მოსმენას, რაც აქ მოხდება. ქართული სასამართლო არ არის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია იპოვოს სამართალი, ამის ნათელი დასტურია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ გავდივართ ამ დარბაზიდან”,- განაცხადა კირკიტაძემ.