ბათუმის მერიამ, საკრებულოსთვის, სასმლისა და მინერალური წყლების შესაძენად ორი ტენდერი გამოაცხადა, ჯამში 5 499 ლარით. ამ ტენდერებით ქალაქის საკრებულოსთვის, რომელიც არ იკრიბება, 5 492 ლიტრ წყალს შეისყიდიან.
ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ დისპენსერზე დასადგმელი 150 ცალი [19-ლიტრიანი რეზერვუარით] სასმელი წყლის საკრებულოსთვის შესაძენად მერიას 1 500 ლარი აქვს გათვალისწინებული.
მათივე ცნობით, სასმელი წყალი უნდა იყოს ჰიდროკარბონატული-კალციუმიანი, არაგაზირებული; უნდა აკმაყოფილებდეს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით“ დადგენილ ხარისხის მაჩვენებლებს, ნორმატიულ სიდიდეებს და სანიტარულ მოთხოვნებს; შენახვის ვადა კი, ჩამოსხმის თარიღიდან მინიმუმ 3 თვე;
მერიას ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული საკრებულოსთვის 1 900 ბოთლი გაზირებული მინერალური წყლისა და 3 684 ბოთლი არაგაზირებული მინერალური წყლის შესაძენად [ორთავე სახის წყალი უნდა იყოს 0,5-ლიტრიან პლასტმასის ბოთლებში]. ამ შემთხვევაში სატენდერო თანხა 3 999 ლარია და წყალი საერთაშორისო სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.
ცნობისთვის, ბათუმის საკრებულო ამ დრომდე არ იკრიბება. მას თავმჯდომარე ამ დრომდე არ ჰყავს. 2022 წლის 2 აპრილს კი, ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები გაიმართება. ადლიის საარჩევნო ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე იყო, რომელიც 2021 წლის ნოემბერში, ახალი საკრებულოს შეკრებამდე გარდაიცვალა.