წულუკიანის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მუზეუმებსა და სამუზეუმო ფონდებში კვლევის მიზნით პირის დაშვებას კულტურის სამინისტრო გააკონტროლებს, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი ეხმაურება.
მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი ეხმიანება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 1 თებერვლის ბრძანებას (# 05/02), რომლის მიხედვითაც ცვლილება შედის საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის #110/ნ).
აღნიშნულ ბრძანებაში მოცემული ერთ-ერთი ცვლილება გულისხმობს გამკაცრებულ კონტროლს სამუზეუმო ფონდებში დაშვებაზე კვლევითი საქმიანობის მიზნით. სამუზეუმო კოლექციებზე წვდომის გამკაცრებული წესი ეხება არა მხოლოდ დაინტერესებულ საზოგადოებას, არამედ – მუზეუმში დასაქმებულ სამეცნიერო პერსონალსაც.
აღნიშნული ცვლილების შინაარსი ყოვლად მიუღებელია და წინააღმდეგობაში მოდის მუზეუმის თანამედროვე განსაზღვრებასა და მისიასთან, იყოს ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომი სივრცე. ამასთანავე, ის მუზეუმის სფეროს წარმომადგენლებს უზღუდავს პროფესიული ვალდებულებების შესრულების უფლებას.
ზემოთ ხსენებული ცვლილებით ირღვევა მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) სამუზეუმო ეთიკის კოდექსის არაერთი პრინციპი (ICOM code for Ethics for Museums, 2018), რომლის მიხედვითაც მუზეუმებს აქვთ პასუხისმგებლობა მათში დაცული კოლექციები ფართოდ ხელმისაწვდომი გახადოს კვლევისა და განათლებისთვის, ასევე – ვალდებულება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესახებ. კერძოდ:
- პრინციპი II – 2.18
- პრინციპი III – 3.2, 3.9
- პრინციპი VIII – 8.3, 8.4.
ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სამუზეუმო სფეროში ცვლილებების განხორციელებისას, იხელმძღვანელოს პროფესიული სტანდარტებით და საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების მიერ აღიარებული ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსით, – ნათქვამია განცხადებაში.